უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუღებელი უწოდა ვლადიმირ პუტინის წინადადებას ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოსკოვში შეხვედრის თაობაზე

ანდრეი სიბიგა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ „მიუღებელი“ უწოდა ვლადიმირ პუტინის წინადადებას ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოსკოვში შეხვედრის თაობაზე.

სიბიგამ აღნიშნა, რომ, სულ მცირე, შვიდი ქვეყანა მზად არის უმასპინძლოს უკრაინა-რუსეთის სამიტს, მათ შორის არის ავსტრია, ვატიკანი, შვეიცარია, თურქეთი და სპარსეთის ყურის სამი ქვეყანა.

„ეს სერიოზული წინადადებებია და პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის ასეთი შეხვედრისთვის ნებისმიერ დროს. თუმცა, პუტინი აგრძელებს ყველასთან თამაშს და წინასწარ მიუღებელ წინადადებებს აკეთებს“, - დასძინა მან.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოსკოვში მიიწვია, „თუ ის მზად არის შეხვედრისთვის“.