პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1770911467
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თარიღზე შეთანხმება შესაძლებელია, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა. პისტორიუსი ასეთ თარიღზე შეთანხმებას რეალისტურად მიიჩნევს.
„კონკრეტული თარიღის შეთანხმება ყოველთვის შესაძლებელია. ამ თარიღის დადგენას დამატებითი მუშაობა სჭირდება. როგორ უნდა მოხდეს ეს? ამაზე მოლაპარაკებებია საჭირო. ეს არ არის ის, რისი გადაწყვეტაც მომენტალურად შეიძლება“, – უპასუხა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტის ბოლო განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.
ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რათა 2027 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ტექნიკურად მზად იყოს. უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ქვეყანა, სულ მცირე, ძირითად ნაბიჯებს შეასრულებს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, თუ შეთანხმებაში, რომელსაც ამერიკა, რუსეთი, უკრაინა და ევროპა აწერენ ხელს, გაწევრიანების თარიღი არ იქნება, რუსეთი პროცესის დასაბლოკად ყველაფერს გააკეთებს. მისივე თქმით, ამას რუსეთი არა საკუთარი ხელით, არამედ გარკვეული ევროპელი წარმომადგენლების მეშვეობით გააკეთებს.
„ჩვენთვის ევროკავშირი კონკრეტულობას ნიშნავს, რადგან საქმე ეხება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს. ეს არის კონკრეტული დეტალები, კონკრეტული თარიღით. და ჩემი ხელმოწერა 20-პუნქტიან გეგმაზე, ომის დასრულების გეგმაზე, გარანტიას მისცემს უკრაინელებს, რომ ჩვენი გაწევრიანების კონკრეტული თარიღი დადგინდება“, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.