ციხისკენ მიმავალ გზაზე ნიკოლა სარკოზიმ პოსტი გამოაქვეყნა

სარკოზი

ნიკოლა სარკოზი დააპატიმრეს. დღეიდან ის 5-წლიანი სასჯელის მოხდას იწყებს. სასამართლომ სარკოზის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კრიმინალური შეთქმულებისთვის მას შემდეგ, რაც 2007 წელს, პირველი საპრეზიდენტო კამპანიისთვის მზადებისას, მან საკუთარ მოკავშირეებს ნება დართო, ლიბიაში მოამარ კადაფის რეჟიმისგან ფინანსური მხარდაჭერა მოეძიათ.

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა გასულ კვირას განაცხადა, რომ სასჯელის მოხდას 22 ოქტომბერს დაიწყებს.

ამასთანავე, მას განაჩენი გასაჩივრებულიც აქვს და თავს უდანაშაულოდ აცხადებს, თუმცა, სამი მოსამართლისგან შემდგარმა პანელმა გადაწყვიტა, რომ ბრალდებების სიმძიმის გამო, საჩივრის მიუხედავად, სარკოზის დაუყოვნებლივ დაპატიმრება იყო საჭირო.

სარკოზი სახლიდან ცოლთან, კარლა ბრუნისთან ერთად გამოვიდა და პოლიციის მანქანაში ჩაჯდა. მის სახლთან დილიდან შეკრებილები იყვნენ ექსპრეზიდენტის მომხრეები, რომლებმაც ის მხარდამჭერი შეძახილებითა და ტაშით გააცილეს.

„ნიკოლა“ - სკანდირებდნენ მოქალაქეები.

ციხისკენ მიმავალ გზაზე სარკოზმა პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ „ის უდანაშაულო ადამიანია, რომელიც დააპატიმრეს“.