ტრამპი-ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრა

ტრამპი-ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ თეთრ სახლში ჩატარდა გაფართოებული შეხვედრა, რომელშიც ევროპელმა ლიდერებმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა მიიღეს მონაწილეობა.

ტრამპი უკრაინას უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს ჰპირდება და აცხადებს, რომ დაიწყო რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზება. თუმცა, არც უსაფრთხოების გარანტიების კონკრეტული დეტალები და არც სამმხრივი შეხვედრის სავარაუდო თარიღი ჯერ გარკვეული არ არის.

ამ შეხვედრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი იყო შესაძლო შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ სასურველი იქნებოდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა, თუმცა ეს ახლა შესაძლებელი არ არის.

რამდენიმე უცხოურმა მედიასაშუალებამ აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ზელენსკის საერთოდ არ უხსენებია, რაც შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ უკრაინული მხარე ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო მოქნილ პოზიციას დაიჭერს.

საგარეო პოლიტიკის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა დაადასტურა, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის დაახლოებით 40-წუთიანი სატელეფონო საუბარი შედგა. უშაკოვის თქმით, მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებზე მხარეთა წარმომადგენლობის დონის ამაღლების შესაძლებლობა. პრეზიდენტების შეხვედრის საკითხი მას არ უხსენებია. დელეგაციებს ამჟამად ხელმძღვანელობენ უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი და პუტინის თანაშემწე.

გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპს იმედი აქვს, აგვისტოს ბოლომდე რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრის მოწყობას შეძლებს. ზელენსკისთანაც და ევროპელ ლიდერებთან მოლაპარაკებების დროს ტრამპმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ არის სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და საბოლოო შეთანხმების მიღწევის პირობა.

ორშაბათს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მნიშვნელოვანია დონალდ ტრამპის „ნათელი სიგნალი“ შეერთებული შტატების მზადყოფნის შესახებ, იყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორ ქვეყნებს შორის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, ევროპული ქვეყნები განიხილავენ 90 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული იარაღის შეძენას, შემდგომში უკრაინის არმიისთვის გადაცემის მიზნით.

მისი სიტყვებით, ტერიტორიულ საკითხებს პუტინთან განიხილავს.

კრემლი პასუხს აჭიანურებს. 

ვაშინგტონში გამართულ შეხვედრას წინ უსწრებდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაში.