როგორ უნდა გარეცხოთ ფეხსაცმელი სწორად - ექსპერტის რჩევა
1756992480
სლოვაკეთი მზად არის, ხელი შეუწყოს უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, თუმცა არ აპირებს სამშვიდობო მისიაში სამხედროების გაგზავნას, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.
„სლოვაკეთის რესპუბლიკა არ განათავსებს ჯარისკაცებს უკრაინაში, თუმცა ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ უსაფრთხოების გარანტიების განხორციელებაში, მაგალითად, ლოგისტიკის კუთხით. ვგულისხმობ ლოგისტიკას, როგორიცაა სატრანსპორტო მარშრუტების გამოყენება“, – გაანცხადა ფიცომ.
სლოვაკეთის მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის სწრაფად დასრულებას არ ელოდება.
„უკრაინაში ომის სწრაფი დასრულების მიმართ საკმაოდ პესიმისტურად ვარ განწყობილი“, – აღნიშნა მან.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა 5 სექტემბერს ზელენსკისთან გამართულ მოლაპარაკებებზეც ისაუბრა.
„ეს იყო ხისტი აზრთა გაცვლა, მაგრამ, ამავდროულად, ხელი გავუწოდეთ ერთმანეთს ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის“, – აღნიშნა ფიცომ.
მისივე თქმით, კიევსა და ბრატისლავას პრინციპულად განსხვავებული პოზიციები აქვთ რუსეთის ენერგომატარებლების უკრაინის გავლით ტრანზიტის საკითხზე.
„საერთოდ ვერ შევთანხმდით ნავთობის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებთან დაკავშირებით. ბატონმა ზელენსკიმ მითხრა, რომ რუსეთი უკრაინაში ინფრასტრუქტურას თუ დაარტყამს, მაშინ მათ აქვთ უფლება, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ინფრასტრუქტურაზე მიიტანონ იერიში, მაგრამ ამ შემთხვევაში ზიანს ჩვენც გვაყენებენ“, – განაცხადა ფიცომ.
ცნობისთვის, ზელენსკიმ სლოვაკეთს მოუწოდა, უარი თქვას რუსეთიდან ნავთობის იმპორტზე. მანამდე, ფიცო პეკინში პუტინს შეხვდა, სადაც ენერგომატარებლების იმპორტის გაზრდის საკითხიც განიხილეს.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „თურქული ნაკადის“ მეშვეობით გაზის მიწოდება სლოვაკეთში იზრდება და ამისათვის პუტინსაც მადლობაც გადაუხადა.
ევროკავშირის მონაცემებით, უნგრეთი და სლოვაკეთი ყოველდღიურად 200-250 ათას ბარელ რუსულ ნავთობს იღებენ, რაც ევროკავშირის საჭიროებების დაახლოებით სამ პროცენტს შეადგენს. ბუნებრივი აირის შესყიდვები კი კიდევ უფრო მაღალი დონეზეა რჩება: პროგნოზების მიხედვით, 2025 წელს ევროპა მოხმარებული ბუნებრივი აირის დაახლოებით 13 პროცენტს რუსეთიდან მიიღებს.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა რომან ანდარაკმა განაცხადა, რომ კიევმა სლოვაკეთს შესთავაზა საწვავის ალტერნატიული მიწოდების გზები სხვა ქვეყნებიდან და აღნიშნა, რომ ამისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა არსებობს.