საფრანგეთში დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ქვეყნის მასშტაბით 70 000 პოლიციელი და ჟანდარმი იქნება მობილიზებული

საფრანგეთი აქცია

საფრანგეთში დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ქვეყნის მასშტაბით 70 000 პოლიციელი და ჟანდარმი იქნება მობილიზებული, – ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა განაცხადა.

მისი თქმით, უსაფრთხოების ზომები ისეთივე მასშტაბური იქნება, როგორიც 24 ოქტომბერს გამართული აქციების დროს იყო.

ნუნიესის განცხადებით, სამართალდამცველებთან ერთად მობილიზებული იქნებიან სპეციალური დანიშნულების დანაყოფები, ასევე ოპერაციაში ჩაერთვება ყველა ხელმისაწვდომი დრონი და ვერტმფრენი.
ქვეყნის მასშტაბით განალაგებენ 26 ჯავშანმანქანა „სენტორს“, მათ შორის რამდენიმეს პარიზში. სამართალდამცველების განკარგულებაში იქნება ასევე წყლის ჭავლის მანქანები.

ამასთან, საფრანგეთში დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ აშშ-ის საელჩომ ქვეყანაში მყოფი ამერიკის მოქალაქეებისთვის გაფრთხილება გაავრცელა. საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს და სიფრთხილე გამოიჩინონ იმ შემთხვევაშიც, თუ დიდი თავშეყრის ადგილებთან მოულოდნელად აღმოჩნდებიან.

გაფრთხილებაში აღნიშნულია, რომ წინა საპროტესტო აქციების დროს ადგილი ჰქონდა ძალადობრივ დაპირისპირებებს, მაღაზიების ძარცვის შემთხვევებსა და პოლიციაზე თავდასხმებს. საელჩოს ცნობით, სამართალდამცველებმა აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს.

აშშ-ის საელჩო მოქალაქეებს ასევე აფრთხილებს, რომ საფრანგეთის ზოგიერთ ტერიტორიაზე შესაძლოა, კვლავ მოქმედებდეს კომენდანტის საათი.

✕