საფრანგეთი ღაზის სამშვიდობო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით არაბული და ევროპული ქვეყნების მინისტრებს უმასპინძლებს

საფრანგეთი

საფრანგეთი ღაზის სამშვიდობო გეგმის განხორციელებასა და მომავალთან დაკავშირებით პარიზში არაბული და ევროპული ქვეყნების მინისტრებს უმასპინძლებს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, შეხვედრას დაესწრებიან ეგვიპტის, იორდანიის, საუდის არაბეთის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მინისტრები, ევროპის მხრიდან კი, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, გერმანიის, ესპანეთის, თურქეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლები, თუმცა მასში მონაწილეობას არ მიიღებს ისრაელი.

„ეს შეხვედრა შესაძლებელს გახდის, დაიწყოს მუშაობა სამშვიდობო გეგმის რეალიზაციასა და მომდევნო პერიოდის ჩარჩოზე, რომლითაც დაზუსტდება კოლექტიური ვალდებულებების ასპექტები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ სარი კი აცხადებს, რომ აღნიშნული შეხვედრა ისრაელის ზურგს უკან იგეგმება.

„ისრაელის მიმართ ღიად მტრულად განწყობილი მთავრობების მოწვევა, რათა განიხილონ ისრაელის საქმეები, განსაკუთრებით აღმაშფოთებელია“, – აცხადებს გიდეონ სარი.