თბილისის საქალაქო სასამართლო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1756205784
უკრაინაში მშვიდობის წასახალისებლად აშშ რუსეთს ენერგეტიკულ შეთანხმებებს სთავაზობდა. ამის შესახებ „როიტერი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
როგორც სააგენტო იუწყება, მიმდინარე თვეში ჩატარებული მოლაპარაკებების დროს აშშ-ისა და რუსეთის მთავრობების წარმომადგენლებმა რამდენიმე ენერგეტიკული შეთანხმება განიხილეს, ხოლო ალასკაზე გამართული სამიტის შემდეგ თეთრ სახლს სურდა, დიდი საინვესტიციო შეთანხმების შესახებ განცხადებით გამოსულიყო.
წყაროების თქმით, ეს შეთანხმებები შეთავაზებული იყო წასახალისებლად, რათა კრემლი უკრაინაში მშვიდობის დამყარებას დათანხმებოდა, ხოლო ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეარბილებდა. სამი წყაროს ინფორმაციით, ოფიციალურმა პირებმა განიხილეს Exxon Mobil-ის რუსული ნავთობისა და გაზის პროექტ „სახალინ-1“-ში დაბრუნების შესაძლებლობა.
ოთხმა წყარომ ასევე განაცხადა, რომ დაისვა კითხვა რუსეთის მიერ ამერიკული აღჭურვილობის შესყიდვის შესახებ თავისი თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების პროექტებისთვის, კერძოდ, Arctic LNG-2-ისთვის, რომელიც დასავლური სანქციების ქვეშ იმყოფება.
კიდევ ერთი იდეა იყო, რომ აშშ რუსეთისგან ატომურ ყინულმჭრელს შეიძენდა. წყაროს თქმით, შესაბამისი მოლაპარაკებები ჩატარდა სტივ უიტკოფის მოსკოვში ვიზიტის დროს, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და კირილ დმიტრიევს შეხვდა. ეს შეთანხმებები ასევე მოკლედ განიხილეს 15 აგვისტოს ალასკაზე გამართულ სამიტზე.
ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ვაშინგტონი ცდილობს, რუსეთი ამერიკული ტექნოლოგიების შესყიდვისკენ წაახალისოს, ჩინური ტექნოლოგიების ნაცვლად, უფრო ფართო სტრატეგიის ფარგლებში, რომლის მიზანია პეკინსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების შესუსტება.