Reuters: აშშ-მა, შესაძლოა, მიმდინარე კვირას სანქციები დაუწესოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს

Reuters

აშშ-მა, შესაძლოა, მიმდინარე კვირას სანქციები დაუწესოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC), რის შედეგადაც საფრთხეში ჩავარდება სასამართლოს ყოველდღიური საქმიანობა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, „ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ისრაელის მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების საპასუხო ნაბიჯია“.

ვაშინგტონს უკვე აქვს დაწესებული მიზანმიმართული სანქციები რამდენიმე პროკურორსა და მოსამართლეზე, თუმცა მთლიუანად სასამართლოს სანქციების სიაში შეყვანა მნიშვნელოვანი ესკალაცია იქნება.

ექვსი ინფორმირებული წყარო აცხადებს, რომ მსგავსი სანქციების შესახებ გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, სასამართლოს ოფიციალურმა პირებმა უკვე გამართეს საგანგებო შიდა შეხვედრები, სადაც შესაძლო მასშტაბური სანქციების გავლენა განიხილეს.

კიდევ ორი წყაროს ინფორმაციით, შეხვედრები გაიმართა სასამართლოს წევრ სახელმწიფოების დიპლომატებს შორისაც.

ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, დაადასტურა, რომ მასშტაბური სანქციების დაწესების საკითხი განიხილება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის შეიძლება განხორციელდეს ეს ნაბიჯი.