Reuters: აშშ და რუსეთი უკრაინის შესახებ მოლაპარაკებების დროს ენერგეტიკულ გარიგებას განიხილავდნენ

ნავთობი

ამერიკისა და რუსეთის ოფიციალური პირები უკრაინაში მშვიდობის მიღწევის შესახებ მოლაპარაკებების დროს ენერგეტიკის სფეროში რამდენიმე გარიგებას განიხილავდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ამრიგად ამერიკას სურდა რუსეთის სტიმულირება, რათა მას უკრაინაში ომი დაესრულებინა. ოფიციალური მოსკოვი კი ვაშინგტონს სანქციების მოხსნისკენ უბიძგებდა.

როგორც Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ჩინოვნიკები ამერიკული კომპანიის Exxon Mobil-ის პროექტ „სახალინ 1“-ში დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავდნენ. გარდა ამისა, განიხილებოდა რუსეთის მიერ თხევადი ბუნებრივი აირის პროექტებისთვის ამერიკული დანადგარების შესყიდვის საკითხიც.

კიდევ ერთი იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ აშშ-ს რუსეთისგან ბირთვული ყინულმჭრელები ეყიდა.

მოლაპარაკებები აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლის სტივ უიტკოფის მოსკოვში აგვისტოს დასაწყისში ვიზიტის დროს მიმდინარეობდა. ენერგეტიკულ გარიგებებს დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ალასკაზე გამართული სამიტის დროსაც განიხილავდნენ.