პოლონეთში რუსული დრონების შეჭრის შემდეგ ნატოს ოპერაცია „აღმოსავლეთის გუშაგი“ დაიწყო

სამხედროები

პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქვეყანაში ნატოს სამხედრო ოპერაცია „აღმოსავლეთის გუშაგი“ დაიწყო, რომლის მიზანია ალიანსის აღმოსავლეთ ფრონტის თავდაცვის გაძლიერება.

გენშტაბმა ქალაქ მინსკ-მაზოვეცკის აეროდრომზე ფრანგული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის A400 დაშვების კადრები გამოაქვეყნა. თვითმფრინავმა Rafale-ის ტიპის გამანადგურებლებისთვის საჭირო შეიარაღება ჩაიტანა.

„ვიცით, რომ უკრაინის გმირული თავდაცვა ევროპის მომავალს უკავშირდება. ამიტომ ჩვენ ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობებს ვზრდით. ძალა ერთობაშია, ხოლო გამარჯვება - მზადყოფნაში“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.

10 სექტემბერს დილით პოლონურმა მხარემ განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსულმა დრონებმა რამდენჯერმე დაარღვიეს. პოლონეთის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენ აპარატებს ცეცხლი გაუხსნეს.