პოლონეთის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართა, რომელშიც ევროკავშირის მიგრაციული პაქტიდან პოლონეთის გამორიცხვას ითხოვს

კაროლ ნავროცკი

პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართა, რომელშიც ევროკავშირის მიგრაციული პაქტიდან პოლონეთის გამორიცხვას ითხოვს. ამის შესახებ კაროლ ნავროცკი სოციალურ ქსელში წერს.

„არა მიგრაციულ პაქტს პოლონეთში! პრეზიდენტმა ნავროცკიმ ევროკომისიის გერმანელ ხელმძღვანელს წერილით მიმართ, რომელშიც მტკიცედ ითხოვს, რომ ჩვენი სამშობლო არალეგალური მიგრანტების განსახლების ევროკავშირის პროექტიდან გამოირიცხოს. პოლონეთი უპირველეს ყოვლისა, პოლონელები უპირველეს ყოვლისა“, – ნათქვამია ნავროცკის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ევროკავშირში მიგრაციული პაქტი 2026 წელს სრულად უნდა ამოქმედდეს ორწლიანი გარდამავალი პერიოდის შემდეგ. პაქტი ითვალისწინებს ევროკავშირში არალეგალურად ჩასულ თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადის კოლექტიურ მართვას. პაქტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია ე.წ. სოლიდარობის მექანიზმი, რომლის ფარგლებში ევროკავშირის წევრებს სამი ვარიანტიდან ერთ-ერთის არჩევა შეეძლებათ – მიიღონ თავშესაფრის მაძიებელთა გარკვეული რაოდენობა, შეიტანონ ფინანსური კონტრიბუცია ან უზრუნველყონ ოპერაციული მხარდაჭერა პერსონალით და აღჭურვილობით.

მიგრაციულ პაქტს ეწინააღმდეგება რამდენიმე წევრი ქვეყანა, მათ შორის პოლონეთი და უნგრეთი.