„პოლიტიკო“: დონალდ ტრამპმა დაარწმუნა ვიქტორ ორბანი, მოხსნას წინააღმდეგობა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე

ორბანი და ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაარწმუნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას აღარ შეეწინააღმდეგოს. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ამ ფაქტმა პროცესის დინამიკა შეცვლა.

მანამდე „პოლიტიკო“ წერდა, რომ ევროპელი მაღალჩინოსნები განიხილავენ მოლდოვისთვის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას ამ ქვეყანაში სექტემბერში დაგეგმილ არჩევნებამდე პროევროპული განწყობების მხარდასაჭერად. თუმცა, მედიის ცნობით, უკრაინა და მისი მრავალი მოკავშირე ევროინტეგრაციის პროცესში უკრაინისა დ მოლდოვის გამიჯვნის კატეგორიული წინააღმდეგები არიან. კიევში მიიჩნევენ, რომ ეს უკრაინელებს არასწორ სიგნალს გაუგზავნის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში.

მედიასაშუალების ცნობით, გადაწყვეტილებების მიღება უახლოეს კვირებში იგეგმება.

„პოლიტიკოსთან“ საუბარში ორმა ევროპელმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ, ბუდაპეშტზე ზეწოლის გათვალისწინებით, უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჩიხის გარღვევა მომავალ თვეებში იქნება შესაძლებელი.

გასულ კვირას „ბლუმბერგი“ წერდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს დაურეკა, რათა განეხილა, რატომ ბლოკავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა ვიქტორ ორბანს ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტსა და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ დაურეკა.