1762277104
მარტა კოსი: თურქეთი რჩება კანდიდატ ქვეყნად, მნიშვნელოვან პარტნიორად, თუმცა დემოკრატიული სტანდარტების დარღვევა კვლავ სერიოზული პრობლემაა, რის გამოც მოლაპარაკებები 2018 წლიდან გაყინულია
გაფართოების საკითხებში ევროკომისარის, მარტა კოსის განცხადებით, „ევროკომისიის მიერ მომზადებული ანგარიშის წაკითხვისას გათვალისწინებული უნდა იყოს სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური გარემო“.
„დღეს ჩვენ, ევროპელებმა, გაცილებით მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენს კონტინენტზე მეტი კონტროლი მოვიპოვოთ, დავიცვათ დემოკრატიული ღირებულებები და უზრუნველვყოთ ჩვენი უსაფრთხოება. ეს მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ მჭიდროდ ვიმუშავებთ ჩვენს მეზობლებთან, განსაკუთრებით კანდიდატ ქვეყნებთან, რათა ავაშენოთ ძლიერი, სტაბილური, უსაფრთხო, ერთიანი ევროპა, რომელიც საერთო პრინციპებსა და ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული. მხოლოდ ევროპის გაერთიანების დასრულებით შევძლებთ, უზრუნველვყოთ მშვიდობა, თავისუფლება და კეთილდღეობა ჩვენს კონტინენტზე. ამით აღვადგენთ იმ აზრს, რატომაც შეიქმნა საერთოდ ევროკავშირი. ევროპა მხოლოდ მათთან ერთად შეძლებს მსოფლიოში დამოუკიდებელი ხმის შენარჩუნებას, ვინც ჩვენს ღირებულებებს იზიარებს“, – განაცხადა კოსმა.
მისივე თქმით, 2025 წელს მონტენეგრომ, ალბანეთმა, მოლდოვამ და უკრაინამ მნიშვნელოვანი წინსვლა აჩვენეს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
ევროკომისრის შეფასებით, ეს აჩვენებს, რომ რეფორმები შედეგს იძლევა და ეს უნდა იყოს ძლიერი მოტივაცია ყველა ქვეყნისთვის, ვინც ამ პროცესშია ჩართული.
„საჭიროა, უფრო ფართოდ ვიფიქროთ ევროკავშირის მომავალ წევრებთან ურთიერთობებსა და მათი ჩართვაზე სხვადასხვა პოლიტიკასა და პროგრამაში, ვიდრე ისინი გაწევრიანდებიან, იმ პირობით, რომ ისინი დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს“, – განაცხადა მარტა კოსმა.
კოსმა ასევე დააანონსა ახალი ინიციატივა, რომელსაც ევროკომისია ამზადებს და რომელიც უკავშირდება „დემოკრატიის დაცვის მიმართულებას“.
მისი განცხადებით, მომავალ კვირაში კომისია მიიღებს ინიციატივას, სახელწოდებით „დემოკრატიის ფარი“ და ამ ინიციატივაში კანდიდატებიც ჩაერთვებიან.
„პირველად ისტორიაში, ევროპული კომისია ასევე მიიღებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტრატეგიას – როგორ შეგვიძლია, სამოქალაქო საზოგადოების დახმარებით დავიცვათ დემოკრატია. ჩვენი პრეზიდენტის ინიციატივით ასევე მზადდება მედიის მდგრადობის გეგმა, რადგან ძლიერი მედია არის ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის განუყოფელი ნაწილი, განსაკუთრებით დეზინფორმაციისა და მანიპულაციების წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა მარტა კოსმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის გაფართოება რეალური პერსპექტივაა, რადგან ზოგიერთი კანდიდატი ქვეყანა სერიოზულ პროგრესს აჩვენებს.
„მონტენეგრო აპირებს მოლაპარაკებების დასრულებას 2026 წლის ბოლოსთვის, ალბანეთი — 2027-სთვის, მოლდოვა და უკრაინა კი 2028-სთვის. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ამბიცია, ვიდრე თარიღი. კომისია მხარს უჭერს ამ ამბიციებს“, – განაცხადა ევროკომისარმა.
ცალკეული კანდიდატი ქვეყნების შეფასებისას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ლიდერად მარტა კოსმა დაასახელა მონტენეგრო. მისი თქმით, მონტენეგრო ყველაზე წინ წასული ქვეყანაა, მიაღწია მნიშვნელოვან შედეგებს და ყველაზე მეტად არის მზად წევრობისთვის.
ევროკომისრის შეფასებით, ალბანეთმა ასევე აჩვენა პროგრესი და ალბანეთის მოქალაქეთა 91% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას.
ამასთან, მარტა კოსის თქმით, მოლდოვამ მკვეთრი წინსვლა განიცადა, მიუხედავად რუსეთის აგრესიის ფონზე არსებული გამოწვევებისა, ხოლო უკრაინამ აჩვენა ძლიერი ერთგულება რეფორმების გზის მიმართ და საფუძველი ჩაუყარა ეკონომიკური აღდგენისა და კერძო სექტორის გააქტიურების პროცესს.
„მნიშვნელოვანია, ეს დინამიკა შენარჩუნდეს და თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი უკუსვლის რისკი, განსაკუთრებით კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. მოლდოვასა და უკრაინასთან სკრინინგის პროცესი დასრულებულია, კომისია გააგრძელებს მუშაობას რათა საბჭო ნოემბრამდე ყველა კლასტერის გახსნისთვის მზად იყოს. ნამდვილად იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება, რადგან ჩვენ ყოველთვის ვამბობთ — ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პრინციპი“, – განაცხადა კოსმა.
რაც შეეხება სერბეთს, მარტა კოსის თქმით, „მიუხედავად დეკლარირებული პროდასავლური მიმართულებისა, რეფორმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა“.
„სერბეთის მხრიდან საჭიროა სანდო რეფორმების განხორციელება, განსაკუთრებით სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების კუთხით. სერბეთმა უნდა შეაჩეროს ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული რიტორიკა და უზრუნველყოს პროგრესი სიტყვისა და აკადემიური თავისუფლების მიმართულებით“, – აღნიშნა მარტა კოსმა.
თურქეთზე საუბრისას ევროკომისარმა განაცხადა, რომ „თურქეთი რჩება კანდიდატ ქვეყნად და ევროკავშირის მნიშვნელოვან პარტნიორად, თუმცა დემოკრატიული სტანდარტების, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევა კვლავ სერიოზული პრობლემაა, რის გამოც მოლაპარაკებები 2018 წლიდან გაყინულია“.
კოსმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის შიგნით მიმდინარე რეფორმებზე, რომელთა გატარებაც აუცილებელია გაფართოებისთვის.
„საჭიროა, მოქალაქეებთან ერთად ვიმუშაოთ და განვმარტოთ გაფართოების სარგებელი, გამოწვევები. ევროკავშირის გაფართოება შეუძლებელია მოქალაქეთა თანხმობის გარეშე – ეს არის საერთო პროექტი, რომელსაც ყველა უნდა ვიზიარებდეთ. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპები შენარჩუნდეს წევრობის შემდეგაც. თითოეულმა წინა გაფართოებამ გააძლიერა ჩვენი კავშირი და ეს წარმატება ემყარება მზადყოფნას. ამიტომ, არ უნდა შეგვეშინდეს საჭირო დისკუსიების დაწყების იმის შესახებ, როგორ უზრუნველვყოთ, რომ უფრო დიდი კავშირი იყოს უფრო ძლიერი კავშირი“, – განაცხადა კოსმა.









