Le Figaro: პარიზის სააპელაციო სასამართლო 10 ნოემბერს სარკოზის ციხიდან გათავისუფლების შუამდგომლობას განიხილავს

ნიკოლა სარკოზი

პარიზის სააპელაციო სასამართლო 10 ნოემბერს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ციხიდან გათავისუფლების შუამდგომლობას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი Le Figaro წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ექს-პრეზიდენტის ადვოკატები აპირებენ დაამტკიცონ, რომ სარკოზი არ ხვდება იმ კრიტერიუმებში, რომელთა მიხედვითაც აუცილებელია მისი პატიმრობაში დატოვება.

გაზეთი აღნიშნავს, რომ თუ სასამართლო დააკმაყოფილებს სარკოზის შუამდგომლობას, მას შესაძლოა პატიმრობა შეუცვალონ ელექტრონული სამაჯურის სავალდებულო ტარებით, სასამართლო კონტროლით ან გირაოთი.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ამ პოსტს 2007-2012 წლებში იკავებდა, 25 სექტემბერს ლიბიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების საქმეზე, დანაშაულებრივ ჯგუფში თანამონაწილეობაში დამნაშავედ ცნეს, თუმცა გაამართლეს სახელმწიფო სახსრების მითვისების დაფარვისა და პასიური კორუფციის ბრალდებებში.

ამასთან, სასამართლომ 2007 წლის საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების ფაქტი არ დაადგინა. სარკოზის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 21 ოქტომბერს მან სასჯელის მოხდა პარიზის XIV უბანში, სანტეს ციხის ერთადგილიან საკანში დაიწყო.