"ხალხს აქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება, მაგრამ არ შევეგუებით პოლიციელებზე თავდასხმებს, რომლებიც თავიანთ საქმეს ასრულებენ" - დიდი ბრიტანეთი პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი

სტარმერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, ბრიტანელებს აქვთ უფლება, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გამოხატონ.

აღნიშნული განცხადება სტარმერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც შაბათს, ლონდონში ანტიიმიგრაციულ მარშში 100 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ამასთან, პრემიერმა დაგმო პოლიციაზე თავდასხმის შემთხვევები და განაცხადა, რომ ბრიტანეთი ტოლერანტობასა და მრავალფეროვნებაზეა აგებული.

"ხალხს აქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება. ეს ჩვენი ქვეყნის ღირებულებების განუყოფელი ნაწილია. მაგრამ ჩვენ არ შევეგუებით პოლიციელებზე თავდასხმებს, რომლებიც თავიანთ საქმეს ასრულებენ ან იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს ქუჩებში შიშს გრძნობენ თავიანთი წარმომავლობის ან კანის ფერის გამო", - დაწერა სტარმერმა X-ზე.

"როიტერის" ინფორმაციით, შაბათს, ლონდონში ულტრამემარჯვენე აქტივისტის, ტომი რობინსონის მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაში, სულ მცირე, 100 000 ადამიანი მონაწილეობდა. აქციის დროს 25 ადამიანი დააკავეს. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა 26 სამართალდამცველი.

ულტრამემარჯვენე აქტივისტის, ტომი რობინსონის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას ითხოვდნენ. დემონსტრანტებს ვიდეოკავშირის საშუალებით ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმაც მიმართა. მან "მასობრივ უკონტროლო მიგრაციაზე" ისაუბრა და დიდ ბრიტანეთში მთავრობის შეცვლისკენ მოუწოდა.