ჯეიკ სალივანი: ირანის სარაკეტო თავდასხმას მძიმე შედეგები მოჰყვება და ჩვენ ვიმუშავებთ ისრაელთან, რომ ეს მოხდეს

სალივანი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ირანის სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე არაეფექტური აღმოჩნდა.

„როგორც ჩანს, ირანის სარაკეტო შეტევა ისრაელის წინააღმდეგ მოგერიებულია. ის არაეფექტური აღმოჩნდა. ამ თავდასხმას მძიმე შედეგები მოჰყვება და ჩვენ ვიმუშავებთ ისრაელთან, რომ ეს მოხდეს“, - აღნიშნა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.

„ეს არის მნიშვნელოვანი ესკალაცია ირანის მხრიდან და თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძელით ისრაელთან ერთად ნაბიჯის გადადგმა და ისეთი სიტუაციის შექმნა, როცა ისრაელში ამ თავდასხმის არავინ ემსხვერპლა. ჩვენ ახლა ვაპირებთ განვიხილოთ, როგორი იქნება შემდეგი ნაბიჯები“, - დასძინა მან.

ისრაელის თავდაცვით ძალებში განაცხადეს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

როგორც ისრაელის არმიაში აღნიშნეს, საჰაერო თავდაცვამ რაკეტების დიდი ნაწილი გაანეიტრალა.

აშშ ასევე მონაწილეობდა ისრაელის დაცვაში, როგორც ირანისგან მომავალი საფრთხის იდენტიფიცირებით, ასევე ზოგიერთი რაკეტის ჩამოგდებით.