ისრაელის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქალაქ ღაზის აღებამდე 60 000-მდე რეზერვისტის გამოძახებას გეგმავენ

ისრაელი

ისრაელის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქალაქ ღაზის აღებამდე 60 000-მდე რეზერვისტის გამოძახებას გეგმავენ.

თავდაცვის სამინისტრო უწყისების გავრცელებას 21 აგვისტოდან დაიწყებს და რეზერვისტებს ეტაპობრივად დაურიგდებათ. დაახლოებით 40 000-50 000-მდე მათგანს გამოსაცხადებლად ვადა 2 სექტემბრამდე ექნება.

მედიის ცნობით, გაწვევის მომდევნო ტალღა ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში, ხოლო მესამე ეტაპი 2026 წლის თებერვალ-მარტში დაიწყება.

თავდაცვის უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ 30-40 დღით ხანგრძლივდება მსახურების ვადა იმ რეზერვისტებისთვის, ვინც უკვე ჩართულია ოპერაციაში.

ღაზაში მორიგი ოპერაციის დაწყებისთვის, მათი საერთო რიცხვი 130 ათასს შეადგენს. ღაზაზე მორიგი სამხედრო ოპერაცია უკვე დაწყებულია და ის რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.