ისრაელის თავდაცვის ძალების პრესმდივანი აცხადებს, რომ „ჰამასი“ ღაზაში ყალბ ბროშურებს ავრცელებს - „დაჯგუფების მიზანია, წაქეზებისა და ტყუილის შხამი გაავრცელოს“

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესმდივანი

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ დაჯგუფება „ჰამასი“ ღაზაში ყალბ ბროშურებს ავრცელებს. მათივე ცნობით, დაჯგუფების მიზანია „წაქეზებისა და ტყუილის შხამი“ გაავრცელოს.

„სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესმდივანმა, ავიჩაი ადრაიმ სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის ღაზის მოსახლეობას მოუწოდებს, „ჭორებსა და შეცდომაში შემყვან ამბებს“ ყურადღება არ მიაქციონ.

მისი თქმით, „ჰამასს“ ღაზის სექტორში ქაოსის შექმნა გამიზნულად სურს. ადრაიმ პალესტინელებს  მოუწოდა, დატოვონ ღაზა და სამხრეთით გადაადგილდნენ.

ისრაელი ამ დროისთვის ღაზის დაახლოებით 75%-ს აკონტროლებს. ისრაელის თავდაცვის ძალების მონაცემებით, ბოლო დღეების განმავლობაში ქალაქი ღაზა ღამით 20 000-მა პალესტინელმა დატოვა. გავრცელებული ცნობით, ქალაქიდან 320 000-ზე მეტი პალესტინელი გადავიდა სექტორის სხვა რაიონებში, რაც ისრაელის არმიის მიერ ამ ტერიტორიაზე „ჰამასის“ წინააღმდეგ დაგეგმილი შეტევის დაწყებამდე მოხდა.