1792180303
გვიან ღამით ჭამა ღვიძლის დაავადების რისკს ზრდის - ახალი კვლევა
აშშ-ის ორეგონის ჯანმრთელობისა და მეცნიერების უნივერსიტეტის (OHSU) მკვლევართა ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კვლევამ გვიან ღამით კვებასა და ღვიძლის ორ დაავადებას შორის კავშირი გამოავლინა.
რა აჩვენა კვლევამ?
მკვლევრებმა სამი დიდი, ხანგრძლივი კვლევის მონაცემები გააანალიზეს. ანალიზი თითქმის 200 000 ადამიანის კვების ჩვევებსა და ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას მოიცავდა.
შედეგების მიხედვით, ადამიანები, რომლებიც ვახშმის შემდეგ ან ძილის წინ ჭამას აღნიშნავდნენ, ღვიძლის დაავადებების უფრო მაღალი რისკის ჯგუფში აღმოჩნდნენ. მკვლევრებმა ღვიძლის დაავადების სხვადასხვა ფორმასთან დაკავშირებული რისკის დაახლოებით 20–30%-იანი ზრდა დააფიქსირეს.
კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ორ მდგომარეობაზე გამახვილდა: მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებულ ღვიძლის სტეატოზზე (MASLD), რომელსაც ხშირად ცხიმოვანი ღვიძლის დაავადებას უწოდებენ, და ღვიძლის ციროზზე.
მნიშვნელოვანია, რომ ეს მონაცემები გვიან კვებასა და დაავადებებს შორის კავშირს აჩვენებს და არა იმას, რომ გვიან ღამით ჭამა აუცილებლად იწვევს ღვიძლის დაზიანებას.
რატომ შეიძლება ჰქონდეს კვების დროს მნიშვნელობა?
ადამიანის ორგანიზმს საკუთარი ბიოლოგიური საათი აქვს, რომელიც ძილ-ღვიძილის ციკლს, ჰორმონების გამოყოფასა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს არეგულირებს. ღვიძლიც ამ ცირკადულ რიტმებს ემორჩილება და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საკვები ნივთიერებების გადამუშავებასა და ენერგიის მართვაში.
მკვლევართა ვარაუდით, გვიან ღამით საკვების მიღებამ შესაძლოა ორგანიზმის ბუნებრივი რიტმების თანხვედრა დაარღვიოს. თუმცა ამ მექანიზმისა და მისი გავლენის დასადგენად დამატებითი კვლევებია საჭირო.
კვლევის ერთ-ერთი ავტორის განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია იმის გარკვევა, შეიძლება თუ არა კვების დროის შეცვლამ ღვიძლის ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედოს ისე, რომ საკვების შემადგენლობის შეცვლა აუცილებელი არ იყოს.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ ღამით ჭამა უნდა ავიკრძალოთ?
არა - კვლევის შედეგები არ ნიშნავს, რომ ერთხელ გვიან ჭამა ღვიძლის დაავადებას გამოიწვევს ან რომ ყველა ადამიანმა მკაცრად განსაზღვრული საათის შემდეგ საკვები უნდა შეწყვიტოს.
ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების განვითარებაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, მათ შორის მეტაბოლური ჯანმრთელობა, სხეულის წონა, კვების საერთო ხარისხი, ფიზიკური აქტივობა და ალკოჰოლის მოხმარება. გარდა ამისა, კვლევაში კვების ჩვევები მონაწილეთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა, რაც გარკვეულ შეზღუდვებს ქმნის.
მიუხედავად ამისა, კვლევა კიდევ ერთხელ აჩენს კითხვას, რამდენად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რას ვჭამთ, არამედ ისიც, თუ დღის რომელ მონაკვეთში ვიღებთ საკვებს.
მკვლევართა აზრით, ვახშამსა და ძილს შორის გარკვეული დროის დატოვება შესაძლოა სასარგებლო ჩვევა იყოს, თუმცა კონკრეტული დროის შერჩევა ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული.










