ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაიწყება საღამოს, მას შემდეგ, რაც ისრაელის მთავრობა სამშვიდობო შეთანხმებას ოფიციალურად დაამტკიცებს

ისრაელის მთავრობა

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაიწყება საღამოს, მას შემდეგ, რაც ისრაელის მთავრობა სამშვიდობო შეთანხმებას ოფიციალურად დაამტკიცებს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

მთავრობის სხდომაზე სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით კენჭისყრა ადგილობრივი დროით, 18:00 საათზეა დაგეგმილი.

ამასთან, „ჰამასის“ წარმომადგენელი ოსამა ჰამდანი კატარულ ტელეკომპანიასთან აცხადებს, რომ ისრაელი ღაზის დასახლებებიდან ძალებს ხვალ გაიყვანს, მათ შორის ხან-იუნისიდან, რაფაჰიდან და ქალაქ ღაზიდან. მისივე თქმით, ამან ადგილზე მძევლების გათავისუფლების პირობები უნდა შექმნას.

ჰამდანი ასევე ადასტურებს, რომ შეთანხმების ფარგლებში ისრაელის ციხეებიდან გაათავისუფლებენ 250 პატიმარს, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი, ასევე ომის დროს დაკავებულ 1 700 ღაზელს.

მისი თქმით, „ჰამასს“ ისრაელისთვის გასათავისუფლებელ პირთა სია გადაცემული აქვს.

კატარში მყოფმა „ჰამასის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შეთანხმება მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდება, რაც დოკუმენტს ისრაელის მთავრობა დაამტკიცებს. მისი ცნობით, კვირიდან ღაზაში ყოველდღიურად შევა ჰუმანიტარული დახმარების 400 სატვირთო მანქანა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინფორმაციით, ისრაელმა და „ჰამასმა“ ხელი მოაწერეს აშშ-ის სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას.

„ყველა მძევალს მალე გაათავისუფლებენ და ისრაელი თავის ჯარებს შეთანხმებულ ხაზზე გაიყვანს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.