ღაზაში ისრაელის იერიშს 37 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ ისრაელს ღაზაში არსებული მძიმე ჰუმანიტარული პირობების გამო აკრიტიკებს

ქალაქ ღაზაში ისრაელის იერიშს 37 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ღაზას მაცხოვრებელთათვის ევაკუაციის ბრძანება გასცეს.

„ქალაქი ღაზა სახიფათო საბრძოლო ზონაა და ამ ტერიტორიაზე დარჩენა საფრთხეს გიქმნით. შეუერთდით ქალაქის მოსახლეობის 40%-ზე მეტს, რომლებმაც ქალაქი დატოვეს, რათა უზრუნველყოთ საკუთარი და საყვარელი ადამიანების უსაფრთხოება“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა, ავიჩაი ადრაიმ.

ამასთან ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქალაქ ღაზაში ინტენსიური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

„გუშინ ღაზაში ინტენსიური ოპერაცია დავიწყეთ. ისრაელის სახელმწიფო ამ ბრძოლაში კრიტიკულ ეტაპზეა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.