დემოკრატმა გრეგორი მიქსმა წარადგინა ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც აშშ-სა და რუსეთს შორის ე.წ. დიზელის შეთანხმების შეჩერებას ითვალისწინებს

კონგრესი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, დემოკრატმა გრეგორი მიქსმა ორპარტიული კანონპროექტი წარადგინა, რომელიც აშშ-სა და რუსეთს შორის ე.წ. დიზელის შეთანხმების შეჩერებას ითვალისწინებს.

კანონპროექტს „რუსული ნავთობის შესახებ კორუმპირებული გარიგებების აკრძალვის აქტი“ ჰქვია და მიზნად ისახავს ტრამპისა და პუტინის შეთანხმების ბლოკირებას, რომელიც რუსული დიზელის საწვავის შესყიდვასა და იმპორტს ეხება.

დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციას რუსეთის ენერგეტიკაში ინვესტირებას უკრძალავენ. გარდა ამისა, უქმდება აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს  მიერ გაცემული ზოგადი ლიცენზიები, ხოლო მომავალში მათი გაცემა აიკრძალება. კანონპროექტი ტრამპის ადმინისტრაციას რუსეთის ენერგეტიკის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასაც ავალდებულებს.

კანონპროექტის ავტორის, გრეგორ მიქსის თქმით, შეთანხმება ამერიკელების ხარჯებს არ შეამცირებს, რადგან ისინი ისედაც იხდიან იმ ომის ფასს, რომლის დაწყებაც დონალდ ტრამპმა ირანში გადაწყვიტა.

„ის პუტინს მილიონობით დოლარს მისცემს, რათა დაუსჯელად განაგრძოს მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქეების მკვლელობა“, – განაცხადა კონგრესმენმა.

✕