დანიის საჰაერო სივრცეში აღმოჩენილი უპილოტო საფრენი აპარატები სამხედრო ობიექტების მახლობლად დაფრინავდნენ - მედია

დანია

დანიის საჰაერო სივრცეში აღმოჩენილი ამოუცნობი უპილოტო საფრენი აპარატები სამხედრო ობიექტების მახლობლად დაფრინავდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას დანიური მედია ავრცელებს.

ირკვევა, რომ ალბორგის აეროპორტის მახლობლად საჰაერო ძალების ბაზა მდებარეობს, რომელიც სატრანსპორტო თვითმფრინავების C-130 Hercules-ისა და CL-604 Challenger-ის მთავარი ბაზირების ადგილია. მის სიახლოვეს მდებარეობს დანიის სპეცდანიშნულების რაზმის, Jægerkorps-ის ბაზაც.

სამხრეთ იუტლანდიაში, ქალაქ სკრიდსტრუპის მიმდებარე ტერიტორიაზე კი, სადაც ასევე შენიშნეს უპულოტო საფრენი აპარატი, მდებარეობს ბაზა, სადაც დანიური გამანადგურებლები F-16-ები ინახება.

ცნობისთვის, ალბორგის აეროპორტი, რომელიც კომერციული და სამხედრო ავიარეისებისთვის გამოიყენება, დროებით დაიხურა.

მუშაობის შეჩერების მიზეზი დანიის საჰაერო სივრცეში აღმოჩენილი დრონები გახდა. პოლიციამ აეროპორტის თავზე რამდენიმე ამოუცნობი მფრინავი ობიექტის შესახებ მიიღო ინფორმაცია.

ცნობილია, რომ დრონებმა ალბერგის ტერიტორია დაახლოებით, სამი საათის შემდეგ დატოვეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. მსგავსი შემთხვევა დანიაში 23 სექტემბერსაც მოხდა. კოპენჰაგენის აეროპორტში დრონების დაფიქსირების გამო ყველა ფრენა შეჩერებული იყო.