დანაშაულთან ბრძოლის მიზნით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქალაქ მემფისში ეროვნულ გვარდიას გზავნის

ტრამპი

დანაშაულთან ბრძოლის მიზნით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქალაქ მემფისში ეროვნულ გვარდიას გზავნის. შესაბამის ბრძანებას დონალდ ტრამპმა ხელი 15 სექტემბერს მოაწერა.

რესპუბლიკელი ტენესის გუბერნატორის, ბილ ლის ოვალურ კაბინეტში ვიზიტისას, ტრამპმა განაცხადა, რომ ჯარისკაცები განლაგდებიან და შეუერთდებიან ქალაქში სპეციალურ სამუშაო ჯგუფს, რომელიც სხვადასხვა ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლებისგან შედგება. მათ შორის არიან გამოძიების ფედერალური ბიურო, ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაცია, იმიგრაციისა და საბაჟო სამსახური და აშშ-ის მარშალის სამსახური.

ტრამპის მიერ ხელმოწერილ საპრეზიდენტო მემორანდუმში არ არის მითითებული დეტალები იმის შესახებ, თუ როდის განლაგდება გვარდია ქალაქში.

ტრამპმა განაცხადა, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ უკვე გააძლიერა საქმიანობა მემფისში, რომელიც ძირითადად შავკანიანებითაა დასახლებული და ტენესის სიდიდით მეორე ქალაქია და ხელი შეუწყო დანაშაულის შემცირებას. ვარაუდობენ, რომ ჩიკაგო შემდეგი ქალაქი იქნება, სადაც ტრამპი ეროვნულ გვარდიას და სხვა ფედერალურ უწყებებს გაგზავნის.