დაფინანსების ნაკლებობის გამო, გაერო მსოფლიოს ფარგლებში ცხრა მისიაში მონაწილე მშვიდობისმყოფელთა რაოდენობას მეოთხედით შეამცირებს

გაერო

დაფინანსების ნაკლებობის გამო, გაერო მსოფლიოს ფარგლებში ცხრა მისიაში მონაწილე მშვიდობისმყოფელთა რაოდენობას მეოთხედით შეამცირებს.

შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ გაერო-ს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც მედიასაშუალებას ანონიმურობის პირობით ესაუბრა.

გაერო-მ სამშვიდობო კონტინგენტის შემცირების გადაწყვეტილება მომავალში აშშ-სგან დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით გაურკვევლობის ფონზე მიიღო.

„საერთო ჯამში, ჩვენ მოგვიწევს ჩვენი სამშვიდობო ძალებისა და პოლიციის, ასევე მათი აღჭურვილობის 25%-ის რეპატრიაცია, ასევე ეს შეეხება მისიებში ჩართული სამოქალაქო პერსონალის დიდ ნაწილს“,  – განაცხადა „როიტერის“ წყარომ.

გაერო-ს მაღალჩინოსნის თქმით, საუბარია დაახლოებით 13 000-14 000 სამხედროსა და პოლიციელზე.

სამშვიდობო მისიების პერსონალის შემცირება შეეხება სამხრეთ სუდანში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ლიბანში, კოსოვოში, კვიპროსში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, დასავლეთ საჰარაში, გოლანის მაღლობებს, ასევე სამხრეთ სუდანსა და სუდანს შორის არსებულ ადმინისტრაციულ ზონაში განთავსებულ კონტინგენტს.

აშშ გაერო-ს სამშვიდობო მისიების უმსხვილესი კონტრიბუტორია, რომელზეც მისიების დაფინანსების 26% მოდის, რომელსაც მოჰყვება ჩინეთი 24%-ით. როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, ეს გადახდები არ არის ნებაყოფლობითი.

როგორც  სააგენტოს გაერო-ში განუცხადეს, აშშ-ის დავალიანება ამ დროისთვის  2,8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

აგვისტოში დონალდ ტრამპმა ცალმხრივად გააუქმა სამშვიდობო მისიების 800 მილიონი დოლარის ოდენობით დაფინანსება 2024-2025 წლებისთვის.