„როგორ მიჭირს ამის დაჯერება, მარიამ...“ - ცნობილია, ავარიის დროს დაღუპული მეორე გოგოს ვინაობა
1789391398
ბულგარეთში 1600 წლის წინ დაღუპული ახალგაზრდა რომაელი მამაკაცის ნეშტი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, ქალაქის დარბევის დროს დაიღუპა.
როგორც „დეილი მეილი“ წერს, დღევანდელი ბულგარეთის ტერიტორიაზე, უძველესი რომაული ქალაქის, დეულტუმის, ტერიტორიაზე არქეოლოგებმა დიდი თიხის ჭურჭელი, ე.წ. პითოსი აღმოაჩინეს, რომელშიც ადამიანის ნეშტი იყო.
მამაკაცი ჭურჭელში ჩაცუცქულ მდგომარეობაში იმყოფებოდა — მუხლები ნიკაპამდე ჰქონდა მიტანილი, თავი კი დახრილი. სპეციალისტების შეფასებით, ეს პოზიცია დაკრძალვისთვის დამახასიათებელი არ არის. პითოსებს ადამიანები ჩვეულებრივ არ იყენებდნენ დასაკრძალად და მათში საკვებს, ზეთსა და ღვინოს ინახავდნენ.
ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგის, ლუდმილ ვაგალინსკის განცხადებით, აღმოჩენა 10 აგვისტოს გაკეთდა. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ნეშტი ახალგაზრდა მამაკაცს ეკუთვნის, რომელიც დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვით 400 წელს ქალაქზე თავდასხმის დროს დამპყრობლებისგან დამალვას ცდილობდა.
ამ პერიოდში დეულტუმს, სავარაუდოდ, გერმანული ტომებისა და ჰუნების რამდენიმე თავდასხმა შეეხო. ქალაქის დარბევისა და ხანძრის დროს ახალგაზრდა მამაკაცი შესაძლოა კვამლისგან ან ჟანგბადის უკმარისობის შედეგად დაიღუპა.
მკვლევრების ყურადღებას განსაკუთრებით ის ფაქტი იქცევს, რომ მამაკაცი პითოსიდან თავის დაღწევას არ ცდილობდა. მის ხელში დანა აღმოაჩინეს, ხოლო მეორე, შედარებით პატარა პირი ბეჭედზე იყო მიმაგრებული. თუმცა, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ის მეომარი არ უნდა ყოფილიყო.
ჭურჭლის გარშემო აღმოჩნდა ფერფლი, ნახშირი, გამდნარი მინა, მონეტები და შინაური ცხოველების დამწვარი ძვლები. ახალგაზრდა მამაკაცის ნეშტის ქვეშ კი ფერფლის ნაწილაკები იყო აღმოჩენილი, რაც შესაძლოა მიუთითებდეს, რომ ხანძარი უკვე დაწყებული იყო, როდესაც ის პითოსში შევიდა.
პითოსი დასავლეთ კარიბჭესთან მდებარე საგუშაგო კოშკში იყო განთავსებული. კოშკი მოგვიანებით დაინგრა, მისი ნანგრევები გაასწორეს და მის ადგილზე ახალი იატაკი მოაწყვეს. მკვლევრების ვარაუდით, ჭურჭელი შესაძლოა ნანგრევების ნაწილად მიიჩნიეს და ის საუკუნეების განმავლობაში ხელუხლებლად დარჩა.
შედეგად, ადამიანის ნეშტის შემცველი პითოსი დაახლოებით 1600 წლის განმავლობაში მიწის ქვეშ იყო დამალული და მხოლოდ 2026 წელს, არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს.