„ბლუმბერგი“ – ხორბლის ფასმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია

ხორბალი

ხორბლის ფასმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება, – ამის შესახებ სტატიას „ბლუმბერგი“ აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, რუსეთ-უკრაინის ომმა დააზიანა პორტები და მარცვლეულის ტერმინალები, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მარცვლეულის ექსპორტიორი რეგიონიდან მიწოდება. მათივე ინფორმაციით, რუსეთი ახლა ემზადება უკრაინაზე თავდასხმების გასაძლიერებლად, რადგან მოსკოვმა დაასკვნა, რომ სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, რუსული და უკრაინული მარცვლეული გლობალური ექსპორტის მეოთხედზე მეტს შეადგენს, ასევე ამ ქვეყნებიდან მსოფლიოში ქერის, სიმინდის და მზესუმზირის ზეთის დიდი რაოდენობის ექსპორტი ხორციელდება.

„ბაზარი ძალიან შეშფოთებულია კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში ლოჯისტიკური შეზღუდვებით. თუ შავ ზღვაში კონფლიქტის მოგვარებას ვერ მივაღწევთ და საზღვაო ტრანსპორტით სარგებლობა არ გაუმჯობესდება, მარცვლეულზე ფასების ზრდა გაგრძელდება“, – განუცხადა Advantage Grain-ის გენერალურმა მენეჯერმა, კრის ნიკოლაუმ გამოცემას.

ამასთან, უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ამ სეზონზე სოფლის მეურნეობის ექსპორტი ომამდელ პერიოდთან შედარებით განახევრებულია. ამასობაში, მოსალოდნელია, რომ რუსეთის ხორბლის მიწოდება აგვისტოში წინა წელთან შედარებით 50%-ზე მეტით შემცირდება. ამასთან, ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟაზე ხორბლის ფასები 2,6%-ით გაიზარდა და 2023 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. მანამდე კი, ღირებულება 6,4%-ით გაიზარდა.