ბიზნესდოკუმენტების გაყალბების საქმეზე ტრამპს მოსამართლემ არც პატიმრობა და არც ჯარიმა არ მიუსაჯა

დონალდ ტრამპი

ბიზნესდოკუმენტების გაყალბების საქმეზე დონალდ ტრამპს მოსამართლემ ბრალდების ყველა პუნქტით უპირობოდ გაათავისუფლა. შესაბამისი გადაწყვეტილება ნიუ იორკის სასამართლოს მოსამართლემ, ხუან მერჩანმა გამოაცხადა. ეს ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპს არ დაეკისრება არც პატიმრობა, არც ჯარიმა და არც პრობაცია.

ხუან მერჩანის განმარტებით, უპირობო გათავისუფლება არის ერთადერთი კანონიერი სასჯელი, რომელიც ქვეყნის უმაღლეს თანამდებობას არ ხელყოფს.

„გისურვებთ წარმატებას თანამდებობის მეორე ვადით დაკავებისას“, – უთხრა მოსამართლემ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, რომელიც სასამართლოს სხდომას ონლაინ რეჟიმში ჩაერთო.

სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. მისი განცხადებით, მას ბრალი წაუყენეს იმისთვის, რომ მას საპრეზიდენტო არჩევნებში არ მიეღო მონაწილეობა.

„ფაქტი არის ის, რომ მე ვარ აბსოლუტურად უდანაშაულო, არასწორი არაფერი ჩამიდენია“, – აღნიშნა ტრამპმა.

დოკუმენტების გაყალბების საქმეზე დონალდ ტრამპი სასამართლომ დამნაშავედ გასული წლის მაისში ცნო. ბრალდების თანახმად, დონალდ ტრამპმა 2016 წლის არჩევნების წინ სექსუალური კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ გადაუხადა 130 ათასი დოლარი პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსს, ეს თანხა კი დოკუმენტებში სამართლებრივი მომსახურების ხარჯებად გატარდა. დონალდ ტრამპი ბრალდებებს უარყოფს.