1728846029
არასწორად გაკეთებული იმპლანტი გულმკერდში გადავიდა - მის ამოსაღებად კი 22 წლის გოგოს ურთულესი ოპერაცია უნდა გაუკეთდეს
ავსტრალიაში არასწორად დაყენებული კონტრაცეპტული იმპლანტი პაციენტის გულში აღმოჩნდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
22 წლის ხლოე ვესტერვეი მელბურნიდანაა, გოგონას 2 წლის წინ ხელზე, კანის ქვეშ ე.წ. კონტრაცეპტული იმპლანტი ჩაუსვეს - ეს არის სილიკონის პატარა ღერო, ოთხი სანტიმეტრი სიგრძის და ორი მილიმეტრის დიამეტრის. ის გამოყოფს ეტონოგესტრელს, რომელიც თრგუნავს ოვულაციას.
„თავიდან არანაირი პრობლემა არ მქონია, მაგრამ შემდეგ დამეწყო ძლიერი ტკივილი, გულძმარვა, აჩქარებული გულისცემა და ღებინება", - ამბობს ახალგაზრდა ქალი.
ხლოე ვესტერვეი საავადმყოფოში წავიდა და ექიმებმა, რომლებმაც ვერ გაარკვიეს პაციენტის სიმპტომების მიზეზი, გადაწყვიტეს იმპლანტის ამოღება. თუმცა, როდესაც ექიმებმა გოგონას ხელი დაათვალიერეს, კანქვეშ სილიკონის ღერო ვერ იპოვეს. მრავალი გამოკვლევის შემდეგ მათ აღმოაჩინეს, რომ იმპლანტი გადავიდა პაციენტის გულმკერდში და მარცხენა წინაგულში ჩარჩა. ექიმებმა განმარტეს, რომ ეს გამოწვეული იყო ჯოხის არასწორად დამონტაჟებით. „ექიმები შოკში იყვნენ. არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ, რა ეთქვათ ან როგორ ამოეღოთ. მითხრეს, რომ მსგავსი რამ აქამდე არ შეხვედრიათ. სიტყვებს ვერ ვპოულობდი და შეშინებული ვიყავი“, - იხსენებს ვესტერვეი.
ჯოხის ამოსაღებად გოგონას სერიოზული ოპერაციის გაკეთება მოუწევს. ოპერაცია ღია გულზე უნდა გაკეთდეს. „ჯანმრთელობის აღდგენა მტკივნეული იქნება. კარგა ხანს ვერაფერს ავწევ და ფეხზეც ვერ ავდგები“, - ამბობს პაციენტი.