არ ვიცი, სურს თუ არა პუტინს ომის დასრულება, თუ გვატყუებს, აშშ ამას განსხვავებულად უპასუხებს – ტრამპი

დონალდ ტრამპი

არ ვიცი, სურს თუ არა პუტინს ომის დასრულება, თუ გვატყუებს, აშშ ამას განსხვავებულად უპასუხებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტი იმედგაცრუებულია, რომ მოლაპარაკების მიმდინარეობისას ქალაქები იბომბება და ხალხი იღუპება.

„არ ვიცი, მაგრამ გეტყვით ორ კვირაში. ჩვენ მალე გავარკვევთ, გვატყუებს თუ არა ის. თუ კი, ჩვენ განსხვავებულად ვუპასუხებთ. ბატონი უიტკოფი ფანტასტიურ საქმეს ასრულებს, ძალიან ძლიერად მუშაობს მათთან. ჩანს, რომ რაღაცის გაკეთება სურთ, მაგრამ ვიდრე დოკუმენტი არ გაფორმდება, ვერ გეტყვით. არავის შეუძლია ამის თქმა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც მოხდა ბოლო რამდენიმე ღამეში, ხალხი დაიღუპა, როდესაც ჩვენ მოლაპარაკების მოწოდებით გამოვედით. ამით ძალიან იმედგაცრუებული ვარ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, მზად არის თუ არა რუსეთს და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთად დაჯდეს მოლაპარაკებებზე, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა – „დავჯდები მათთან ერთად მოლაპარაკებებზე, თუ ეს საჭიროა. ჩვენ ვმუშაობთ პრეზიდენტ პუტინზე და ვნახოთ, რა იქნება. მე არ მომწონს, რაც ხდება, როდესაც რაკეტებს ესვრიან ქალაქებს, კარგი არ არის. ამას ვერ დავუშვებ“.

დონალდ ტრამპს შეკითხვა დაუსვეს რუსეთის წინაააღმდეგ სანქცების შესაძლო დაწესებაზეც, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს სამშვიდობო პროცესზე უარყოფითად იმოქმედებს.

„ვფიქრობ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება სამშვიდობო შეთანხმებას დააზარალებს. ეს ჩემი ომი არ არის, ეს ბაიდენის ომია, ეს ზელენსკის ომია და პუტინის ომია. ეს ტრამპის ომი არ არის. მე აქ ვარ, ერთი რამისთვის, რომ ვცადო ამის დასრულება, რომ გადავარჩინო ხუთი ათასი სიცოცხლე კვირაში და ბევრი ფული“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.