ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია აცხადებს, რომ მისი მეუღლე 2024 წლის თებერვალში კოლონიაში მოწამლეს

იულია ნავალნაია

ციხეში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია აცხადებს, რომ მისი მეუღლე 2024 წლის თებერვალში კოლონიაში მოწამლეს. ამის შესახებ მან ტელეგრამ-არხში დაწერა.

„2024 წლის თებერვალში ჩვენ მოვახერხეთ ალექსეის ბიოლოგიური მასალების მოპოვება, ტრანსპორტირება და დასავლეთის ერთ-ერთი ქვეყნის ლაბორატორიისთვის გადაცემა. რამდენიმე თვის წინ გავიგე, რომ შედეგები მიღებული იყო და ორი ქვეყნის ორმა ლაბორატორიამ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაასკვნა, რომ ალექსეი მოწამლეს. რუსეთის მოქალაქე მოკლეს. მოკლეს რუსეთის ტერიტორიაზე. მტკიცებულებების მთელი ბაზა იქვეა. დასავლეთის ქვეყნებს არ აქვთ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ან წარმოების სამართლებრივი საფუძველი“, – აღნიშნა იულია ნავალნაიამ.

ის ითხოვს, რომ გასაჯაროვდეს, თუ რით მოწამლეს მისი მეუღლე.

ნავალნის თანაგუნდელები რუსეთის ხელისუფლებას პოლიტიკოსის მკვლელობაში მანამდეც ადანაშაულებდნენ და მის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას ვლადიმირ პუტინს აკისრებდნენ.

47 წლის რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი არქტიკის კოლონიაში 2024 წლის 16 თებერვალს გარდაიცვალა. კრემლი მის სიკვდილთან კავშირს უარყოფს.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნების შემდეგ დააკავეს. გერმანიაში მას მოწამვლით მკვლელობის მცდელობის გამო მკურნალობდნენ. ოპოზიციონერს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ექსტრემიზმის ბრალდებით.