8 წლის ბიჭი წყალქვეშა ცურვის დროს ზვიგენმა დაგლიჯა - შემთხვევა აშშ-ში მოხდა

zvigeni

აშშ-ში, ფლორიდის შტატში, 8 წლის ბიჭს წყალქვეშა ცურვის დროს ზვიგენი დაესხა თავს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევა ორშაბათს, ადგილობრივი დროით 15:30 საათამდე, კი-ლარგოს რიფთან ახლოს მოხდა. თავდასხმის დროს, ბიჭი მამასთან და დასთან ერთად იმყოფებოდა. ოჯახს იქვე მყოფი აკვალანგისტების ნავი დაეხმარა და ნაპირზე გაიყვანა, სადაც მათ სასწრაფო დახმარების ბრიგადა დახვდა.

dailymail-ის ინფორმაციით, ბიჭს დაზიანებები ბარძაყის არეში ჰქონდა მიყენებული და დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა. ბავშვი მაიამიში, ჯექსონის მემორიალური საავადმყოფოს, რაიდერის ტრავმის ცენტრში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს.

მონროს ოლქის შერიფმა, რიკ რემსიმ მედიას დაუდასტურა, რომ ბიჭს ორშაბათს ღამით ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.