„მინდოდა ამ თემას შევხებოდი, ბევრ მშობელს ჰგონია, რომ...“ - გაიცანით 22 წლის ქორეოგრაფი, რომელმაც არაერთ წარმატებას დამოუკიდებლად მიაღწია

ქორეოგრაფი

„ცეკვა ჩემთვის ყველაფერია... ცხოვრება ცეკვის გარეშე, უბრალოდ, წარმოუდგენელია“ - ასე დაიწყო „პრაიმტაიმთან“ საუბარი, 22 წლის ქორეოგრაფმა, მარიამ კვახაძემ. 

მარიამი, 5 წლიდან ცეკვავს და სცენაზე გასვლის პირველივე დღიდან იცოდა, რომ თავის სტუდიას ჩამოაყალიბებდა და ამ პროფესიას ბოლომდე გაჰყვებოდა. ის, ანსამბლ „თაობის“ დამფუძნებელია და უკვე 2 წელია არაერთი მიღწევები აქვს უმშვენიერეს პატარებთან ერთად. 

ქორეოგრაფი, ახალ თაობას ურჩევს, რომ საკუთარი მიზნებისთვის და ოცნებებისთვის ყველაფერი გააკეთონ. 

„მე ვარ მარიამ კვახაძე, 22 წლის წლის, 14 წელია რაც ვცეკვავ, როგორც კი პირველად დავდგი სცენაზე ფეხი, იმ წამიდან ვიცოდი, რომ ჩემი სტუდია უნდა მქონოდა. სახელიც „თაობა“ იმ პერიოდში გადავწყვიტე, რომ დამერქმია. 

თავიდან, ძალიან პატარა სტუდიით დავიწყე, ახლა კი უკვე ორი ჯგუფი მყავს. დეკემბერში, საახალწლო კონცერტზე გავედით და პირველი ხარისხის დიპლომები ავიღეთ. ეს უდიდესი სიხარული იყო.

მარიამ, როგორია ბავშვებთან ურთიერთობა?

- ძალიან რთულია... განსაკუთრებით, ახალი თაობის ბავშვებთან. მათ, სპეციფიკური მიდგომები და საუბრები სჭირდებათ. ზოგიერთ ბავშვს, შენიშვნის მიუღებლობა აქვს და ვცდილობ, ყველასთან გამოვნახო საერთო ენა.  

რა ეტაპის გავლა სჭირდება ქორეოგრაფად გახდომას?

- დიდი ეტაპების გავლაა საჭირო, იმიტომ, რომ ძალიან მომრავლდა ცეკვის დარგები. ბევრს ჰგონია, რომ რადგან ცეკვავს, მარტივია და ასწავლის, თუმცა ამ ყველაფერს შრომა სჭირდება. 

რა არის ქართული ცეკვა თქვენთვის?

პირადად ჩემთვის, ბავშვობაშიც რომ ეკითხათ და ახლაც, ვიტყვი, რომ ყველაფერია! მე არ მახსოვს ცეკვის გარეშე არცერთი წამი. ცუდად ყოფნის დროსაც ვცეკვავდი. ცხოვრება ცეკვის გარეშე ვერ წარმომიდგენია.

როცა ატყობთ, რომ ბავშვს ცეკვა არ გამოსდის, როგორ იქცევით?

- არის შემთხვევები, რომ თანხის გამო არაფერს ეუბნებიან და მაინც აცეკვებენ. პირველ რიგში, ეს ქორეოგრაფის იმიჯზე მოქმედებს. როცა ხედავ, რომ ბავშვი საკუთარ თავს ცეკვაში ვერ ხედავს და არაფერი გამოსდის, სჯობს, რომ ვუთხრათ. 

კონცერტის დროს, მშობლებს შორის, ხშირად არის, რომ ჰგონიათ მათი შვილი დაჩაგრეს, რადგან უკანა რიგში დგანან. 

- მინდოდა, ამ თემას შევხებოდი. ეს თემა ყოველთვის აქტუალური იყო ადრე, ახლაც ასეა და ვფიქრობ ყოველთვის იქნება. მსგავს სიტუაციებს მეც ბევრჯერ შევსწრებივარ. შეიძლება, მშობელს არ ესმოდეს და ფიქრობდეს, რომ მისი შვილი ცეკვავს ყველაზე კარგად და ის იმსახურებს სოლოს, თუმცა ვთვლი, რომ ეს ქორეოგრაფმა, ისე უნდა მიაწოდოს მას, რომ გასაგები იყო მისთვის. ფიზიკურად შეუძლებელია, ყველამ ერთნაირად იცეკვოს. 

სამომავლო გეგმებზეც მოგვიყევით

- ძალიან ბევრი გეგმა მაქვს, ერთ-ერთი არის ის, რომ მინდა ახალი ფილიალების დაფუძნება. გასვლებიც რა თქმა უნდა საქართველოს კუთხეებში.