„ღამის სერენადების“ დასკვნითი საღამო თბილისში გაიმართა

ღამის სერენადების“ დასკვნითი საღამოთბილისში გაიმართა

11 ოქტომბერს საქართველოს კულტურის სამინისტროს, სიიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოში იტალიის საელჩოს  მხარდაჭერით ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ დასკვნითი საღამო გაიმართა.

თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იყო – პირველად საქართველოში პროექტი – „Astor“, აღსავსე დრამატულობით, ვიზუალური სილამაზითა და სენსაციური ქორეოგრაფიით. საღამოში მონაწილეობდნენ: Balletto Di Roma – საბალეტო დასი, იტალია; მარიო სტეფანო პიეტროდარკი – ბანდონეონი, იტალია. შესრულდა ასტორ პიაცოლას უკვდავი ნაწარმოებები. Balletto di Roma – დაარსდა 1960 წელს და მრავალი ათწლეულია აკავშირებს კლასიკურ ტრადიციებს თანამედროვე ქორეოგრაფიულ ენასთან. პროექტი „Astor“ 2021 წელს შეიქმნა, ასტორ პიაცოლას დაბადებიდან 100 წლის აღსანიშნავად. დამსწრე საზოგადოებამ წარმოდგენის მონაწილეები მქუხარე აპლოდისმენტებითა და ხანგრძლივი ოვაციებით დააჯილდოვა.

გიორგი ისაკაძე – „ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელი:

– დასრულდა წლევანდელი ფესტივალი „ღამის სერენადები“. მდიდარი ატმოსფერული პროგრამით წარვდექით მაყურებლის წინაშე საქართველოს სამ ქალაქში – ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში. ბედნიერი ვარ, რომ დიდი მოწონება დაიმსახურა და რეზონანსი გამოიწვია თითოეულმა კონცერტმა. საქართველოში კლასიკურ მუსიკას გამორჩეული ადგილი უჭირავს. მაღალ დონეზეა მუსიკალური კულტურა და სწორად აფასებს მსმენელი. უბედნიერესი ვარ, რომ ასე წარმატებით დაგვირგვინდა წლევანდელი „ღამის სერენადები“.

მაკა ნასრაშვილი –  ქალაქ თბილისის მერიის განათლებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის კულტურის მიმართულების ხელმძღვანელი:

– ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ დასკვნით საღამოს გრიბოედოვის თეატრმა უმასპინძლა საოცარი პროექტით „ასტორ“.  ბალეტო დი რომამ და მარიო სტეფანო პიეტროდარკიმ გენიალური ასტორ პიაცოლას 100 წლის იუბილეს არაჩვეულებრივი საღამო მიუძღვნეს.

თბილისის მერია წლებია მხარში უდგას ფესტივალს და ხელს უწყობს ვარსკვლავების ჩამოყვანას, არტისტების გაცვლას და ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო კარგად წარმოჩენას მსოფლიოს კულტურულ რუკაზე. მადლობა ორგანიზატორებს ფესტივალს მაღალ დონეზე ჩატარებისთვის, მადლობა მონაწილეებს საოცარი შესრულებისთვის. თბილისის მერია „ღამის სერენადების“ მხარდამჭერი მომავალშიც იქნება.

მასიმილიანო დ’ანტუონო  – იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში:

– ფესტივალის ბოლო დღეს დავესწარით სპექტაკლს, რომელიც საქართველოში პირველად წარმოადგინა საბალეტო დასმა – ბალეტო დი რომამ და მარიო სტეფანო პიეტროდარკიმ. წლევანდელ ფესტივალზე ოთხი საღამო ჩატარდა იტალიელი ხელოვანების მონაწილეობით. ჩვენი საელჩო ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოსა და იტალიის კულტურული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. ეს ურთიერთობები მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება და ქართველი მაყურებელი არაერთი დაუვიწყარი კონცერტის მომსწრე გახდება.

ნინა ცაგარელი – „ღამის სერენადების“ დირექტორი:

– წლევანდელმა ფესტივალმა ბორჯომის, ბათუმისა და თბილისის კონცერტების სერია გააერთიანა. საერთო ჯამში გაიმართა ექვსი კონცერტი, ქართველი მხატვრების გამოფენები, დარგობრივი მასტერკლასები და ვორქშოპები მოსწავლე ახალგაზრდებისა და შშმ/სსსმ პირებისათვის. მასტერკლასები ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის უდიდესი გამოცდილებაა, ამიტომ ჩვენი მოწვეული სტუმრები ყოველთვის ატარებენ მასტერკლასებს და საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ მათ. მადლობა საქართველოს კულტურის სამინისტროს, სიიპ „შემოქმედებით საქართველოს“, აჭარის კულტურის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიას, ქალაქ ბათუმის მერიას, ქალაქ ბორჯომის მერიას, იტალიის საელჩოს საქართველოში. მადლობა ჩვენს მსმენელს და ჩემს გუნდს, რომელიც დაუღალავად შრომობს მთელი ფესტივალის განმავლობაში.

მარიო სტეფანო პიეტროდარკი – ბანდონეონისტი:

– უდიდესი ბედნიერება და პასუხისმგებლობაა ფესტივალის დახურვა. საქართველო ძალიან მიყვარს. აქ რომ ჩამოვდივარ, თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. „ღამის სერენადების“ დახურვაზე ავაჟღერეთ ასტორ პიაცოლას უკვდავი მუსიკა. იმედი მაქვს, რომ მაყურებელი შეიყვარებს ჩვენს პროექტს „ასტორ“, რომელიც მუსიკისა და ქორეოგრაფიის  საოცარი ნაზავია.

ვალერიო ლონგო – ბალეტო დი რომას ქორეოგრაფი:

-ბედნიერები ვართ საქართველოში სტუმრობით, არაჩვეულებრივი საღამო ვაჩუქეთ საქართველოს. ბალეტო დი რომამ ჩამოიტანა პროექტი „ასტორ“ – ასტორ პიაცოლას საოცარ მუსიკაზე შექმნილი სპექტაკლი. ამ სპექტაკლში წარმოდგენილია არა მარტო თანამედროვე ქორეოგრაფია, არამედ ჩვენი უძველესი ტრადიციებიც. შესანიშნავ ქალაქს ვესტუმრეთ, არაჩვეულებრივი მაყურებელია, ხანგრძლივი ოვაციებით დაგვაჯილდოვეს. გვიხარია, რომ იტალიის საელჩო ხელს უწყობს საქართველოში იტალიური კულტურის პოპულარიზაციას. იმედი გვაქვს, რომ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ქართველ მაყურებელს. უდიდესი პატივია ფესტივალთან თანამშრომლობა. მადლობა ორგანიზატორებს მოწვევისათვის.

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ ფარგლებში საერთო ჯამში ექვსი კონცერტი სამ ქალაქში – ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში გაიმართა. ფესტივალი 20 აგვისტოს ქალაქ ბორჯომში გალა კონცერტით გაიხსნა. 22, 24 და 26 აგვისტოს კი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში გაგრძელდა.ფესტივალმა კი 9 და 11 ოქტომბერს გადმოინაცვლა დედაქალაში. კონცერტებში მონაწილეობდნენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები და ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები: მარიო სტეფანო პიეტროდარკი – ბანდონეონი, იტალია; ნელო სალცა – საყვირი, იტალია; ანდრეს გაბეტა – ვიოლინო, საფრანგეთი; მორის შტეგერი – ბლოკ ფლეიტა, შვეიცარია; თამარ ლიჩელი – ფორტეპიანო, საქართველო; გიორგი შიოლაშვილი – ფორტეპიანო, საქართველო; სოფო ხალვაში – ვოკალი, საქართველო.

ანშლაგებითა და ოვაციებით აღსავსე საკონცერტო საღამოების პარალელურად ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ქართველი მხატვრების გამოფენები, დარგობრივი მასტერკლასები და ვორქშოპები მოსწავლე ახალგაზრდებისა და შშმ/სსსმ პირებისათვის.

ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ლიანა ისაკაძის ძმის შვილი – გიორგი ისაკაძე.

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“, დირექტორი – ნინა ცაგარელი.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, სიიპ „შემოქმედებითი საქართველო“, აჭარის კულტურის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში.

ფესტივალის პარტნიორი – თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი”.

მასპინძელი სასტუმროები: სასტუმრო ბორჯომი ლიკანი, ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი, ქორთიარდ თბილისი მარიოტი.

ფესტივალის მხარდამჭერი კომპანიები: მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან „ივ როშე“, ნატურალური კოსმეტიკის ქართული წარმოების ბრენდი „პიელ ნატურალსი“, ღვინის კომპანია „პავილიონ ვაინსი“, „პსპ“, ავეჯის სახლი ნიტა“.

ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, „პოს ტვ”, „ევრონიუს ჯორჯია“, Billboard Georgia, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება”, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპ არტი“, საინფორმაციო პორტალი „ambebi.ge”, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, „ჯორჯიან პრესი“, ინგლისურენოვანი გაზეთი „Georgia Today”, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი „Messenger”, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, ონლაინ მედია „აჭარა თაიმსი”, რადიო „ფორტუნა“ და ვებ პლატფორმა „ფორტუნა.ჯი“.