შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები კახეთიდან - რას ჰყვებიან ადგილობრივები

ელი­კო ასა­ბაშ­ვი­ლია

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში მოკლული 85 წლის ქალის ვინაობა ცნობილია. ადგილობრივი გამოცემის, „მთავარი ამბები კახეთიდან“ ინფორმაციით, მოკლული ელიკო ასაბაშვილია.

ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა. არსებული ვერსიით, თავდამსხმელი მასთან გვიან ღამით შეიჭრა და თანხის მოპოვებას ცდილობდა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ასაბაშვილმა რამდენიმე დღით ადრე თხილი გაყიდა და სოციალური დახმარებაც აიღო. სავარაუდოდ, თავდამსხმელი სწორედ თანხის მოძიებას ცდილობდა.

არსებული ინფორმაციით, სახლში ფულის ვერ აღმოჩენის შემდეგ მამაკაცმა ქალს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდა.

მკვლელობის შესახებ სოფელში მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ადგილობრივებმა ქალის სახლიდან კვამლი შენიშნეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საქმეზე ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ. მიმდინარეობს ადგილობრივების გამოკითხვა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.