გამოვლენილია საერთაშორისო თაღლითური ქოლცენტრების ქსელი  - დაკავებულია 7 პირი, ამოღებულია 100-ზე მეტი სერვერი

ქოლცენტრები

ევროპოლისა და ევროჯასტის მხარდაჭერით ჩატარებული ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ოპერაციის შედეგად გამოვლინდა საინვესტიციო თაღლითობის ქსელი, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ კრიმინალურ ჯგუფებს ყალბი სავაჭრო პლატფორმების ტექნიკურ ინფრასტრუქტურას აწვდიდა.

ოპერაცია გერმანიის ქალაქ იტცჰოეს პროკურატურის ხელმძღვანელობით ჩატარდა. სამართალდამცველებმა 17 ლოკაციაზე ჩხრეკა ჩაატარეს, ამოიღეს 100-ზე მეტი სერვერი, კომპიუტერული ტექნიკა, სხვა ციფრული მტკიცებულებები და აქტივები. დაკავებულია შვიდი ეჭვმიტანილი, რომელთა გერმანიაში ექსტრადიციის საკითხი განიხილება.

გამოძიების ინფორმაციით, თაღლითური პლატფორმების ტექნიკური უზრუნველყოფით დაკავებული კომპანია კვიპროსსა და ისრაელში მოქმედებდა. მისი მომსახურებით სარგებლობდნენ კრიმინალური ჯგუფები, რომლებიც ალბანეთში, კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში თაღლითურ სატელეფონო ცენტრებს მართავდნენ.
დამნაშავეები პოტენციურ მსხვერპლებს კრიპტოვალუტაში, უცხოურ ვალუტასა და აქციებში ინვესტირების გზით სწრაფ და მაღალ მოგებას ჰპირდებოდნენ. ერთი შეხედვით ლეგიტიმური სავაჭრო პლატფორმების საშუალებით მათ ყალბ მოგებას აჩვენებდნენ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ, რათა მსხვერპლებს დამატებითი თანხები ჩაერიცხათ.

გამოძიებამ ასევე გამოავლინა პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენების სავარაუდო სქემა. თაღლითური ონლაინ რეკლამებით მოპოვებული მონაცემები კრიმინალურ ჯგუფებს გადაეცემოდათ, რის შემდეგაც სატელეფონო ცენტრების თანამშრომლები მოქალაქეებს უკავშირდებოდნენ და საინვესტიციო შეთავაზებებით მათ მოტყუებას ცდილობდნენ.

გამომძიებლების შეფასებით, დანაშაულებრივი საქმიანობით მიყენებული ფინანსური ზარალი 4 მილიონ ევროს აღემატება, ხოლო პოტენციური მსხვერპლი სულ მცირე 50 ქვეყანაში იმყოფება.

გამოძიება ოთხ წელზე მეტხანს მიმდინარეობდა. მის ფარგლებში 2022 და 2025 წლებში ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მოპოვებულმა მტკიცებულებებმა სამართალდამცველები სავარაუდო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მიმწოდებელ კომპანიამდე მიიყვანა.

სამართალდამცავი უწყებების ცნობით, ოპერაცია საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა და მიზნად ისახავდა არა მხოლოდ უშუალოდ თაღლითური სატელეფონო ცენტრების, არამედ მათი ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის ქსელის გამოვლენას.

ამ ეტაპზე შვიდი დაკავებულის ვინაობა და მოქალაქეობა ოფიციალურად გასაჯაროებული არ არის. 

✕