ვირუსები აქტიურდება - როგორ დავიცვათ თავი და ბავშვები ინფექციებისგან

 რესპირატორული ვირუსი

შემოდგომა-ზამთრის სეზონზე რესპირატორული ინფექციების გავრცელების რისკი იზრდება. გრიპი, COVID-19 და სხვა ვირუსები განსაკუთრებით ადვილად ვრცელდება დახურულ, ხალხმრავალ სივრცეებში, ამიტომ სპეციალისტები მოსახლეობას პრევენციული ზომების დაცვისკენ მოუწოდებენ.

როგორ დავიცვათ თავი ვირუსებისგან?

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ინფექციების გავრცელების რისკის შესამცირებლად მნიშვნელოვანია რამდენიმე მარტივი წესის დაცვა:

ხელების ხშირი დაბანა - განსაკუთრებით გარედან სახლში დაბრუნების შემდეგ და ჭამის წინ.

ოთახების რეგულარული განიავება - სუფთა ჰაერი დახურულ სივრცეში ვირუსების გავრცელების რისკს ამცირებს.

ავადმყოფებთან ახლო კონტაქტის შეზღუდვა - განსაკუთრებით მაშინ, თუ ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვი ან ქრონიკული დაავადების მქონე პირია.

ხველისა და ცემინების ჰიგიენა - გამოიყენეთ ერთჯერადი ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი.

ვაქცინაცია - სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გართულებების მაღალი რისკის მქონე ადამიანებისთვის.

თუ რესპირატორული ინფექციის სიმპტომები გაქვთ, შეძლებისდაგვარად დარჩით სახლში და მოერიდეთ სხვებთან ახლო კონტაქტს.

განსაკუთრებული ყურადღება ბავშვებს

ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით კი ჩვილები, რესპირატორული ინფექციების გართულებების მიმართ უფრო მოწყვლადები არიან. ამიტომ მნიშვნელოვანია მათი ავადმყოფ ადამიანებთან კონტაქტის შეზღუდვა და ხელების ჰიგიენის დაცვა ოჯახის ყველა წევრის მიერ.

თუ ბავშვს უჭირს სუნთქვა, ულურჯდება ტუჩები, უჩვეულოდ მოდუნებულია ან ვერ იღებს სითხეს, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

ექიმის გარეშე ანტიბიოტიკების მიღება არ არის რეკომენდებული - ისინი ვირუსებზე არ მოქმედებს. მკურნალობის საჭიროება და შესაბამისი პრეპარატები ექიმმა უნდა განსაზღვროს.

✕