„სამწუხაროდ, გრიპით, ათეულობით და ასეულობით ადამიანი იღუპება...“ - რა დროს მივმართოთ ექიმს

გრიპი

ქვეყანაში სეზონური ვირუსების შემთხვევებმა იმატა. როგორც ინფექციონისტები ამბობენ, ამ ეტაპზე, „ა“ ტიპის ვირუსის ორი სახეობა, H1N1, H3N2-ია გავრცელებული.

ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა, „პრაიმტაიმთან“ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობს, რომელიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ.

-„პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ განსაკუთრებული რამ არ ხდება, რადგან ზამთრის პერიოდი და ცივი სეზონი, ყოველთვის გამოირჩეოდა რესპირაციული ინფექციების მატებით. ყველაზე უფრო აქტიური და საყურადღებო ინფექცია გახლავთ გრიპი. ძირითადად, ცირკულირებს „ა“ გრიპი  და მისი ორი სეროტიპი, ეს არის H1N1, H3N2, თუმცა, ამ შტამებით გამოწვეული ინფექცია, წინა წლებშიც გვხვდებოდა. ეს რაიმეთი გამორჩეული წელს არ არის, უბრალოდ, როგორც ყოველთვის გრიპს, მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს.  გრიპი საყურადღებო ინფექციაა, განსაკუთრებით, კი საყურადღებოა რისკჯგუფებისთვის. (60 წელს ზემოთ, ქრონიკულად დაავადებული ადამიანებისთვის, 2 წლამდე ბავშვები ან ბავშვები და მოზარდები, რომლებსაც თანდაყოლილი დაავადებები აქვთ) ამ დროს, თუ სიმპტომები გამოვლინდა, მნიშვნელოვანია, დროულად მივმართოთ ექიმს. რისკჯგუფებისთვის მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს დიაგნოსტირება და მკურნალობა.

- ადამიანს, რომელსაც ქრონიკული დაავადებები არ აქვს და 3-4 დღეზე მეტ ხანს უგრძელდება სიცხე, უნდა მიმართოს თერაპევტს, რომ პნევმონია გამოირიცხოს?

3-4 დღეში, ექიმზე მიმართვის აუცილებლობა არ არის, თუ არ გამოიხატა სუნთქვის გაძნელება, ხველა და ცნობიერების დაქვეითება. თუ 5-6 დღის მერე, კვლავ გვაქვს სიცხე, სჯობს, მივმართოთ ექიმს.

წლის განმავლობაში, საუბედუროდ, გრიპით, ათეულობით და ასეულობით ადამიანი იღუპება, საუბედუროდ, არიან ახალგაზრდებიც, თუმცა როგორც წესი, უმეტესად არიან რისკჯგუფების წარმომადგენლები. გრიპის ყველაზე ხშირი და საყურადღებო გართულება არის, როდესაც ხდება ქვედა სასუნთქი გზების, ანუ ფილტვების დაზიანება და ვითარდება ვირუსული პნევმონია, რომელსაც აქვს მძიმე ხასიათი და თუ სასწრაფოდ, არ მიმართა ასეთ დროს ადამიანმა ექიმს, შეიძლება დამთავრდეს ფატალურად. ამიტომ თუ ადამიანს გამოეხატა სუნთქვის გაძნელება, ან სილურჯე ცხვირ-ტუჩის მიდამოში, იმავე დღეს უნდა მოხდეს მისი ჰოსპიტალიზაცია“,- ამბობს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

ასევე ნახეთ:

“ყინვა გაძლიერდება…” - გაფრთხილება ამინდის შესახებ

ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება

„დიდი ტრაგედია...“ - საქართველოს კალათბურთის ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს