1733169705
ვოლიერში გატარებული ბავშვობა - 5 ტყუპის ტრაგიკული ისტორია
"ვოლიერში" გატარებულმა ბავშვობამ ხუთი დის ცხოვრებას სამუდამოდ დაღი დაასვა. დები 1934 წელს, ღარიბი ფერმერის ოჯახში დაიბადნენ. მათი ამბავი თავიდანვე საზოგადოების ყურადღების საგანი გახდა და მუდმივი თემა მედიისთვის, მაგრამ ვერც ფულმა, ვერც დიდებამ ვერ მოუტანა მათ ბედნიერება. ეს ხუთი და ისტორიაში დარჩა როგორც ყველაზე ცნობილი და იმავდროულად ყველაზე უბედური ტყუპები.
ბავშვები შვიდთვიანები დაიბადნენ. ხუთივე მათგანი 600 გრამს იწონიდა. ექიმი დარწმუნებული იყო, რომ ისინი ერთ საათსაც ვერ გასტანდნენ, ამიტომ სასწრაფოდ მონათლეს. მაგრამ ეს დები პირველები იყვნენ ხუთი ტყუპის შემთხვევაში, როცა ყველა გადარჩა.
მათი დაბადების საოცარი ამბავი მალე მოედო მთელ კანადას. ღარიბი ფერმერი ოლივ დიონი მანამდე ცოლსა და სამ შვილთან ერთად ცხოვრობდა ონტარიოს ფერმაში, ელექტროენერგიისა და წყალგაყვანილობის გარეშე. ელზაირ დიონმა სახლში იმშობიარა და ხუთი გოგონა გააჩინა – ანეტი, მარი, ემილი, ივონი და სესილი.
როცა ბავშვები 6 თვისანი გახდნენ, მამამ გადაწყვიტა, რომ ამ საოცრების შესახებ სამყაროსთვის უნდა ემცნო და ჩიკაგოში მსოფლიო გამოფენაზე მათი წაყვანა დაგეგმა. როცა ეს კანადის მთავრობამ შეიტყო, ისიც ჩაერია საქმეში, ორგანიზების პროცესში. გოგონებისთვის საგანგებო პავილიონი მოაწყვეს ათი უშველებელი ფანჯრით და გალერეით, რომ ბავშვები კარგად გამოჩენილიყვნენ.
ამ პავილიონში გოგონებმა გაატარეს რვა წელი. მათ როგორც ზოოპარკის ცხოველებს, ისე ათვალიერებდნენ მნახველები. პავილიონში ცხოვრების დროს, ისინი დაახლოებით 3-მა მილიონმა ადამიანმა მოინახულა. მათი წყალობით ჩიკაგოს გამოფენა ქალაქის ღირსშესანიშნაობად იქცა და ტურისტების ნაკადს მუდმივად იზიდავდა.
გოგონები მედდების მეთვალყურეობის ქვეშ თამაშობდნენ მოედანზე, რომელიც ბადით იყო შემოსაზღვრული – ამ ბადის უკან მნახველები იდგნენ. იქვე შეიძლებოდა სამახსოვრო სუვენირების ყიდვა, გოგონების ფოტოებით, გამოუშვეს თოჯინების სპეციალური კომპლექტი – ხუთი ეგზემპლარით. ამ „სანახაობით“ დიდძალი ფული იშოვეს გოგონების მშობლებმაც, კანადის მთავრობამაც და ჩიკაგოს საგამოფენო დარბაზმაც. არავის აღელვებდა, რომ პატარები ზოოპარკის ცხოველებივით იზრდებოდნენ.
ჰოლივუდში მათ რამდენიმე ფილმი მიუძღვნეს. ბავშვთა კვების, სამოსის და სხვა საქონლის მწარმოებლები წარმატებით იყენებდნენ რეკლამისთვის მათ ფოტოებს.
როცა გოგონები 9 წლისანი გახდნენ, კანადის მთავრობამ უშველებელი სახლი გამოყო დიონების ოჯახის დასაბინავებლად. გოგონები საერთოდ არ იყვნენ მიჩვეულნი ამგვარ ცხოვრებას. იზოლირებული ცხოვრების გამო ჩვეულებრივი ოჯახური ურთიერთობები მათთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. ვერც დანარჩენმა და-ძმამ მიიღო ასე დიდხანს დაკარგული ტყუპი და. მამაც განიცდიდა, რომ ბავშვები ისეთ შემოსავალს ვეღარ აძლევდნენ, ვოლიერში ცხოვრებას მიჩვეული გოგონებიც ვერაფრით მოერგნენ ახალ ცხოვრებას და იტანჯებოდნენ.
როდესაც ისინი 16 წლისები გახდნენ, ინტერნატში გაგზავნეს. დები მხოლოდ ერთმანეთის გარემოცვაში გრძნობდნენ თავს უშუალოდ და თავისუფლად.
მას მერე, რაც 18 წლისანი გახდნენ, სრულიად გაწყვიტეს კავშირი ოჯახთან, რომელიც, ასევე, ცდილობდა მათგან ფულის შოვნას.
მათი შემდგომი ბედიც ტრაგიკულად განვითარდა. 20 წლის ასაკში გარდაიცვალა ემილი, რომელიც მონასტერში წავიდა და იქ ეპილეფსია აღმოაჩნდა. მისი დებისთვის ეს ნამდვილი დარტყმა იყო.
მარი 30 წლისა გარდაიცვალა, უიღბლო ქორწინების შემდეგ. სესილიმ და ანეტმაც ვერ იპოვეს ოჯახური ბედნიერება და მთელი ცხოვრება ერთმანეთს იყვნენ მიჯაჭვულნი, საათობით ლაპარაკობდნენ ტელეფონით და მხოლოდ ერთმანეთის სიახლოვე ანიჭებდათ სიხარულს.
სესილს ტყუპი გაუჩნდა, თუმცა მალე ერთ ტყუპისცალი გარდაიცვალა. სამ წელიწადში ქმარიც დაეღუპა.
ივონი მონასტერში წავიდა, თუმცა იქაც ვერ იპოვა შვება და დარჩენილი ცხოვრება განდეგილად გაატარა.
უკვე ზრდასრულმა დებმა სასამართლოში შეიტანეს სარჩელი და სახელმწიფოსგან 4 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაცია მიიღეს.
„თუმცაღა, უკვე ძალიან გვიანია და ეს თანხაც მეტისმეტად ცოტაა, ჩვენი დაღუპული ცხოვრებისთვის“, - ასეთი კომენტარი გააკეთა ერთ-ერთმა დამ.
ასევე ნახეთ:
მილიონერი მგზავრებით სავსე მატარებელი გვირაბში გაქრა - ახალი დეტალები იდუმალებით მოცულ რეისზე
“ყინვა გაძლიერდება…” - გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ