რუსეთის პრეზიდენტის განცხადება
1732273413
გიგა ლორთქიფანიძის ახალგაზრდა მეგობარი რეჟისორის უკანასკნელ დღეებს იხსენებს, რომელიც საკმაოდ ემოციურია.
უკანასკნელი პაემანი – ასე ასათაურებს საკუთარ მონათხრობს ავტორი:
„საავადმყოფოში ბატონი გიგას სანახავად მივედით. გვითხრეს, დღეს ბატონი ოთარ მეღვინეთუხუცესიც მოიყვანეს და ერთად არიანო.
„ერთად“ ერთ პალატაში ყოფნასთან გავაიგივეთ. რეანიმაციის განყოფილებაში შესვლისას, დერეფნის ბოლოს ქალბატონი გურანდა გაბუნია და ქალბატონი ქეთევან კიკნაძე დავინახეთ, მათკენ გავეშურეთ.გურანდა ტიროდა. ქეთინო უფრო მხნედ იყო.
პალატის კარი შევაღე, თეთრ სარეცელზე მიქელანჯელოს ქანდაკებასავით იდო ბატონი ოთარის უზადო ჩამოქნილი სხეული, რომლისთვისაც წლებს და ვერაგ დაავადებას ვერაფერი დაეკლო. ბატონი გიგა იქ არ იყო.
– რა ხდება? – მოკრძალებით მივმართე ქალებს.
– ეს წუთია ველაპარაკებოდი, ვეფერებოდი და ვამხნევებდი, – ამბობდა ქალბატონი ქეთინო კიკნაძე. – უცებ მითხრა ცუდად ვარ, ვერ ვსუნთქავო, ექიმს დავუძახე და იმის შემდეგ შიგ აღარ გვიშვებენ – ტირილით თქვაქალბატონმა გურანდამ.
დიდად ვერ გავამხნევეთ ქალბატონი გურანდა, მხოლოდ ეს ვუთხარი:
– ბატონი ოთარი ძლიერი ადამიანი და პიროვნებაა და აუცილებლად გაუძლებს-მეთქი, თუმცა ექიმების ფუსფუსიდან გამომდინარე, ჩემი სიტყვების დიდად არ მჯეროდა.
შევედით ბატონ გიგასთან. მას უკვე გაეგო, ბატონი ოთარის მდგომარეობა და ტიროდა. მე, კუკური ბექაია, გია ტყეშელაშვილი, ჯემალ მაზიაშვილი დავადექით თავზე და ტრაფარეტული სიტყვებით დავუწყეთ დამშვიდება.
– ცოცხალი კაცის ტირილი ვის გაუგია? – შემოვუძახეთ.
ბატონი ოთარის პალატაშიც შეგვიშვეს. როდესაც ქალბატონმა გურანდამ დაინახა ბატონი ოთარი სასუნთქ აპარატზე შეერთებული, იატაკზე დაემხო და აბღავლდა.
ძალიან სიმბოლური იყო: სირანო დე ბერჟერარკი კვდებოდა და როქსანას როლის ორივე შემსრულებელი გულწრფელად დასტიროდა.
როდესაც მეორე დღეს ბატონი გიგა მოვინახულე, მითხრა: – ლარისა, წარმოგიდგენია, მე და ოთარი, ერთად მოვედით ხელოვნებაში და ერთად მივდივართო.
– ეს უფლის ნებაა. ბატონო გიგა, დიდი რეჟისორი ბრძანდებით, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენი რეჟისორული ჩარევა ვერაფერს შეცვლის. გაეცინა.
ბატონ გიგას სუნთქვა უჭირდა, გონება კი ჩვეულებრივ დიდი იუმორით და სიბრძნით უჭრიდა. ისეთ ამბებს გვიყვებოდაოდა, მიუხედავად იმისა რომ რეამინაციული განყოფილება ვიზუალურად ძნელი საცქერია, ჩვენ სიამოვნებით, მივდიოდით. ის ხომ თეატრის ცოცხალი ენციკლოპედია იყო.
გვიყვებოდა, თუ როგორ მიაღწიეს წარმატებას ბატონმა ოთარმა და ბატონმა გიგამ. მართლაც ამ ორი ადამიანის ტანდემი მათი შემოქმედების, აღმავლობის და წარმატების ნიმუშია.
ერთ დღეს, ჩვეულებრივი, მორიგი ვიზიტისას, ცუდი ამბავი დაგვახვედრეს: ქალბატონ ქეთევანს კენჭის გავლა ჰქონდა და ისიც რეანიმაციაში წევსო.
ბატონი გიგა გამჭოლი მზერით (ისე, როგორც რეპეტიციაზე იცოდა) გვიყურებდა და გვეკითხებოდა – ქეთინო როგორ არისო?
– სტაბილურად – ვპასუხობდი მე.
– ვის ატყუებ შენ! სტაბილურად შეიძლება იყოს მძიმედ და ძალიან მძიმედაც.
– სტაბილურად კარგად, ბატონო გიგა.
ასე გრძელდებოდა რამდენიმე დღე.
– თუ კარგად არის რატომ არაფერს გაბარებთ ან თქვენ, ან მედპერსონალს? – ეჭვით გვკითხა ბატონმა გიგამ.
მომდევნო დღეებში აიჩემა, თუ კარგად არის, შემოვიდეს და მნახოსო. პალატის კარი გაიღო. წითელ ხალათში გამოწყობილი ქალბატონი ქეთინო ექთანმა შემოიყვანა.
ამას ვერც მოყვები, ვერც დაწერ. ეს საკუთარი თვალით უნდა ნახო, რომ დაიჯერო. უცებ, ბატონ გიგას თვალები, პატარა, ცელქი ბიჭივით აუციმციმდა:
– მოხვედი, ჩემო სიცოცხლე?
– მოვედი, ჩემო ლომო.
– როგორც დაჭრლი ლომი, ხომ?
– ლომი ლომია, ჩემო საყვარელო, გინდ დაჭრილი იყოს გინდ მთელი, კურდღელი არასდროს გახდება.
ქალბატონი ქეთავანი მიუახლოვდა. ლოყებზე, შუბლზე, თავზე ეფერებოდა, ბატონ გიგას ხელებს გულში იკრავდა. ეს ისეთი სინაზით და სითბოთი ხდებოდა, რომ ყველანი ვტიროდით, მე ისე ვიყავი აღელვებული რომ გვიან მოვედი გონს და სურათი მოგვიანებით გადავიღე.
ის ფაქტი ვერ დავაფიქსირე, რამაც აგვატირა. ქალბატონი ქეთინო ჯერ კიდევ სუსტად იყო, თანაც ემოციებით დაიღალა, წამოდგა და საკუთარ პალატაში დაბრუნება გადაწყვიტა.
ბატონმა გიგამ, როგორც პირველ პაემანზე, სთხოვ – ქეთინო, ჩემო სიცოცხლე, მაკოცე. მე ვუყურებდი, არ მინდოდა, მაგრამ გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ ეს იყო მათი უკანასკნელი პაემანი.
სამწუხაროდ… მიუხედავად, ექიმთა არმიისა და მედიცინის მუშაკთა შეუდრეკელი და დაუღალავი ბრძოლისა, მათ ბატონი გიგას ავადმყოფობა ვერ დაამარცხეს.
ჩვენ, ბატონი გიგას სტუდენტები, სასთუმალთან ვედექით მის უსაყვარლეს ქალიშვილებთან და მეუღლესთან ერთად და ეს გენიალური რეჟისორი და დიდი ადამიანი არ გვემეტებოდა… არ გვემეტებოდა… არ გვემეტებოდა…