ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ახალი სასწავლო წელი დაიწყო

kiu

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ახალი აკადემიური წელი დაიწყო. ამ თარიღის აღსანიშნავად KIU-ში პირველ კურსელების მიღება გაიმართა. შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი პაატა ტურავა და KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი.  

პირველკურსელებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ KIU-ს სკოლების ხელმძღვანელებს, მოესმინათ სტუდენტებისთვის განკუთვნილი პროგრამების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ 2025-2026 აკადემიურ წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) შთამბეჭდავი სიახლეებითა და მიზნებით ხვდება.  KIU-ს აკადემიურ სივრცეს დაემატა სხვადასხვა საფეხურის ახალი საგანმანათლებლო პროგრამები. მათ შორისაა დიზაინის, ფსიქოლოგიის, სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამები და მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა. პროგრამებს უძღვებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან.

წელს KIU-ს ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის სურვილი კვლავინდებურად საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე აბიტურიენტებმა გამოხატეს.

KIU-ში სტუდენტებს დახვდათ 163 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშლილი ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ულტრათანამედროვე კამპუსი, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი და სასწავლო კორპუსები, თანამედროვე ლაბორატორიები და ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურა, სტუდენტური პროექტებისა და სტარტაპების მხარდამჭერი პროგრამები, კონკურსები, ოლიმპიადები, პროფესიული კლუბები, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები, სამეცნიერო სემინარები და ვორქშოპები. წარჩინებულ სტუდენტებს KIU სთავაზობს სხვადასხვა სახის სტიპენდიას, სტაჟირებასა და გაცვლით პროგრამას.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო მეგა პროექტია. უნივერსიტეტის იდეა ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის – საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ უნივერსიტეტის განვითარების მიზნით, ერთი მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიციას ახორციელებს.