გოგიტა თოდრაძე: ათი წლის წინ ჩატარებულ აღწერასთან შედარებით, თბილისსა და ბათუმში მოსახლეობის რიცხოვნობა მნიშვნელოვნად გაიზარდა

გოგიტა თოდრაძე

თბილისსა და ბათუმში მოსახლეობის რიცხოვნობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ათი წლის წინ ჩატარებულ აღწერასთან შედარებით, 200 ათასით არის გაზრდილი მოსახლეობის რიცხოვნობა და ის 3 914 000 შეადგენს.

„მოსახლეობის რიცხოვნობა, აღწერის მონაცემებით, გახლავთ 3 914 000, ანუ წინა ათი წლის წინ ჩატარებულ აღწერასთან შედარებით მოსახლეობის რიცხოვნობა დაახლოებით 200 ათასით არის გაზრდილი. წინასწარი მონაცემებით, ჩვენ გამოვავლინეთ, რომ საკმაოდ მაღალია ურბანიზაციის მაჩვენებელი, ქალაქის მოსახლეობის რიცხოვნობის წილი ათი წლის წინ იყო დაახლოებით 59%, ხოლო დღეს 5%-ით არის გაზრდილი და 64%-ს შეადგენს. ამასთანავე, მნიშვნელოვნად გაიზარდა თბილისისა და ბათუმის მოსახლეობის რიცხოვნობა. მაგალითად, ბათუმში 10 წლის წინ 153 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, დღეს კი დაახლოებით – 235 ათასი. თბილისში დაახლოებით მილიონ ასი ათასის ფარგლებში იყო, ხოლო ახალი მონაცემების მიხედვით – 1 330 000-ის ფარგლებშია“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

მისი თქმით, აღწერის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი 2026 წლის ივნისში იქნება.

„მომდევნო წლის ივნისში ხელმისაწვდომი იქნება აღწერის ეთნიკური დეტალები, მათ შორის უმცირესობის ადმინისტრაციული ერთეულების, სოფლების, დასახლებების დონეზე. ამჟამად გამოვაქვეყნეთ მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები, რაც ითვალისწინებდა რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით მოსახლეობის რიცხოვნობას მხოლოდ სქესობრივ ჭრილში. სხვა პარამეტრები, როგორებიცაა აღმსარებლობა, ასაკობრივი ჯგუფები და სხვა, ხელმისაწვდომი იქნება 2026 წლის ივნისში“, – აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.