ეკონომიკის სამინისტრო: ეროვნული ვალუტა, როგორც ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი ამიერიდან დატანილია საფოსტო მარკაზეც

ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოს ეროვნული ვალუტის, ლარის მიმოქცევაში გაშვებიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებულმა მარკების კომისიამ, ეროვნული ბანკის ინიციატივით, საიუბილეო მარკა გამოუშვა, რომელიც საქართველოს ფოსტამ დაამზადა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საიუბილეო მარკაზე ლარის ბანკნოტების ნიშნებია დატანილი და ეროვნული ვალუტის 30-წლიანი განვითარებას ასახავს.

„საფოსტო მარკას არ აქვს მხოლოდ ფილატელისტური დატვირთვა. საფოსტო მარკებზე აისახება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები და მიღწევები. ვფიქრობ, ლარის მიმოქცევაში გაშვება, როგორც ეროვნული ვალუტის, მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს ისტორიაში. ეროვნული ვალუტა, როგორც ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი დღეიდან დატანილია საფოსტო მარკაზეც და მას მთელი მსოფლიო ნახავს და შეაფასებს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა საფოსტო მარკის „ქართული ფული – ეროვნული ვალუტა – 30 წელი“ პრეზენტაციაზე.

ღონისძიება ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში გაიმართა, სადაც 1920-21 წლებში ქვეყნის პირველი ცენტრალური ბანკი – საქართველოს სახელმწიფო ბანკი ფუნქციონირებდა. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, საქართველოს ეროვნულ ბანკს, იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პირველი ეგზემპლარი გადასცა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ქართული მარკა მიმოქცევაშია 2025 წლის სექტემბრის თვიდან და ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში საქართველოს მასშტაბით. მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე, ხოლო, საფოსტო მარკის ტირაჟია 30.000 ერთეული.