NASA-მ 350 მილიონი კილომეტრი მანძილიდან ლაზერული შეტყობინება მიიღო

NASA

 NASA-ს ხომალდი ფსიქე კოსმოსური კომუნიკაციების სფეროში ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს. 2024 წლის დეკემბერში დედამიწიდან 494 მილიონი კილომეტრის დაშორებით მყოფმა ამ ზონდმა ინფრაწითელი ლაზერული შეტყობინება წარმატებით გამოაგზავნა. ეს დედამიწასა და მარსს შორის საშუალო მანძილზე ორჯერ მეტია და მთვარემდე მანძილს 1 285-ჯერ აღემატება.

ეს მოვლენა ნასას ღრმა კოსმოსური ოპტიკური კომუნიკაციების (DSOC) ტექნოლოგიური ტესტირების პროგრამისთვის ნამდვილი ტრიუმფია. ახლახან კი დედამიწამ 350 მილიონი კილომეტრი მანძილიდან ფსიქეს რიგით 65-ე და უკანასკნელი ლაზერული შეტყობინება მიიღო.

 ამ მომენტიდან, ფსიქე ასტეროიდთა სარტყლის მისიის შესრულებაზე კონცენტრირდება და დედამიწაზე მონაცემების გამოსაგზავნად უფრო სტანდარტულ რადიოსიგნალებს გამოიყენებს.

"NASA აშშ-ს მარსისკენ მიმავალ გზას უკვალავს. ლაზერული კომუნიკაციების ტექნოლოგიების განვითარება მარსის ზედაპირიდან ღირებული მონაცემების უპრეცედენტოდ სწრაფად მიწოდებასთან ერთი ნაბიჯით გვაახლოებს", — ამბობს NASA-ს ადმინისტრატორი შონ დაფი.

DSOC-მა დედამიწის სახმელეთო ტერმინალებს ჯამში 13.6 ტერაბაიტის მონაცემი მიაწოდა. მათ შორის არის ულტრა მაღალი გარჩევადობის ვიდეო, რომელიც დედამიწაზე ისტორიულად მაღალი 267 მეგაბიტ წამი სიჩქარით გამოიგზავნა.

NASA-ს მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანებს კოსმოსში აქტივობის გასაგრძელებლად ტექნოლოგიების განახლება დაგვჭირდება. რადიოკომუნიკაციები სანდოა, მაგრამ შედარებით ნელი. გარდა ამისა, კოსმოსის რადიოანტენების ქსელმა, რომელსაც NASA ხომალდებიდან მონაცემების მიღებისთვის იყენებს, ტევადობის შეზღუდვები უკვე აჩვენა. ეს ფაქტი NASA-ს მიზნების მიღწევაში ხელს უშლის.

ლაზერული სიგნალების გადაცემა რადიოსიგნალების გენერირებასთან შედარებით რთულია. რადიოკომუნიკაციისას სიგნალი შედარებით ფართოა, ამიტომ მას ზუსტი დამიზნება არ სჭირდება. მისგან განსხვავებით, ლაზერები მკვეთრად ფოკუსირებული სხივებია, რომლებიც სამიზნემდე მისაღწევად იდეალურად უნდა გასწორდეს. გარდა ამისა, კოსმოსში გამავალი სინათლე გზადაგზა სუსტდება, ამიტომ რაც უფრო დიდია სამიზნემდე მანძილი, მით ნაკლები მონაცემის აღდგენაა შესაძლებელი.

 ყველაფრის მიუხედავად, დემონსტრაციები აჩვენებს, რომ DSOC ტექნოლოგია მუშაობს და საკმარისად მძლავრია — მას კოსმოსის სიღრმეში დიდი რაოდენობით მონაცემების გადაგზავნა შეუძლია.

"NASA-ს ტექნოლოგია მოწყობილობებს კოსმოსის მკაცრ გარემოში ამოწმებს, რათა მათი შესაძლებლობები ზუსტად შეაფასოს. ორი წლის განმავლობაში მიმდინარე ტესტირებებმა ჩვენს მოლოდინებს გადააჭარბა", — ამბობს NASA-ს კოსმოსური ტექნოლოგიების მისიის დირექტორატის ასოცირებული ადმინისტრატორი კლეიტონ ტერნერი.

ეს ფაქტი სამეცნიერო სამყაროსთვისა და მარსის სამომავლო მისიებისთვის იმედისმომცემია. ამ დროისთვის ხომალდი ფსიქე მზის სისტემაში აგრძელებს მოძრაობას.