მაია ბითაძემ მეტყევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მაია ბითაძე

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში გამართულ მეტყევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცეს და სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

„ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად აღვნიშნო მეტყევის პროფესიული დღე. მინდა მივესალმო თითოეულ მეტყევეს, თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც შეიძლება არ იყოს მეტყევე, მაგრამ წლებია ჩართულია საქართველოს ბიომრავალფეროვნების, მათ შორის, ტყის რესურსის აღდგენასა და მოვლაში. მინდა გისურვოთ წარმატებები, გისურვოთ, რომ ყოველი მომდევნო პროფესიული დღე კიდევ უფრო მეტი სიკეთის მომტანი იყოს თქვენთვის, როგორც პროფესიული წინსვლის კუთხით, ასევე, სამუშაო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით, რისთვისაც მერწმუნეთ, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისგან, ყოველწლიურად, მეტი და მეტი მხარდაჭერა იქნება“,- აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მაია ბითაძემ.

მან ასევე, მადლობა გადაუხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, დავით სონღულაშვილს, რომელმაც არათუ გააგრძელა ის ტრადიცია, რასაც მეტყევის პროფესიული დღის აღნიშვნა ჰქვია, არამედ ბევრი სიახლე, რომელიც დაგეგმილია ტყის რეფორმის ფარგლებში, სწორედ მისი მხარდაჭერით მიმდინარეობს.

წარმატებული საქმიანობისთვის სამკერდე ნიშანი გადაეცათ ეროვნული სატყეო სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და აჭარის ა/რ სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებს. ასევე დაჯილდოვდნენ სატყეო დარგში მოღვაწე სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებიც.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით, დამსახურებული მეტყევის სტატუსი მიენიჭათ დარგის ღვაწლმოსილ მეტყევეებს, რომელთაც სპეციალური ჯილდო გადაეცათ.

მეტყევის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აკადემიური წრეების და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე ვიდეორგოლის „მე მეტყევე ვარ“ პრეზენტაციაც გაიმართა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.