ნახეთ ქუჩები, სადაც წყალი 14 საათით შეწყდება - GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1781723024
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს. ჟურნალ Cancer Discovery-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, შესაძლოა, მომავალში კიბოს პროგნოზირება, სიმპტომების გაჩენამდე, რამდენიმე წლით ადრე გახდეს შესაძლებელი.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ სისხლის ახალი ტესტის საშუალებით პლაზმაში ისეთი გენეტიკური მუტაციების აღმოჩენაა შესაძლებელი, რომელიც კიბოს განვითარებას უკავშირდება და დაავადების კლინიკური ნიშნების გაჩენამდე მინიმუმ სამი წლით ადრე ვლინდება. ეს აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კიბოს დიაგნოზი გვიან სტადიაზე ისმება, რაც მკურნალობის პროცესს ართულებს.
კვლევის მიმდინარეობისას მეცნიერებმა თავდაპირველად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შესასწავლად შეგროვებული სისხლის პლაზმის ნიმუშები გამოიყენეს და 52 მონაწილის მონაცემები გააანალიზეს. მათგან 26-ს 6 თვეში კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, ხოლო დანარჩენ 26 მონაწილეს დაავადება არ განუვითარდა.
სეკვენირების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით მკვლევრებმა კიბოს ადრეული გენეტიკური ნიშნები რვა მონაწილეში აღმოაჩინეს. სპეციალისტებმა ამ 8 შემთხვევიდან 6-ის ძველი, 3.1-დან 3.5 წლით ადრე აღებული, სისხლის ნიმუშებიც გააანალიზეს. შედეგებმა აჩვენა, რომ ოთხ შემთხვევაში სიმსივნესთან დაკავშირებული გენეტიკური მუტაციები უკვე არსებობდა, მიუხედავად იმისა, რომ დაავადების სიმპტომები ჯერ არ იყო გამოვლენილი.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი მეთოდის ფართოდ დანერგვამდე დამატებითი კვლევებია საჭირო, მეცნიერები ოპტიმისტურად არიან განწყობილი. მათი შეფასებით, მომავალში მსგავსი ტესტები შესაძლოა ყოველწლიური პროფილაქტიკური გამოკვლევების ნაწილად იქცეს და კიბოს ადრეული გამოვლენის გზით მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას შეუწყოს ხელი.