კარგი სიახლე მედიცინაში - ამერიკელმა მეცნიერებმა კომპიუტერს პარალიზებული პაციენტის აზრების კითხვა ასწავლეს

ტვინი

აშშ-ში მეცნიერებმა კომპიუტერს პარალიზებული პაციენტის აზრების კითხვა ასწავლეს - მან გარშემომყოფებთან ურთიერთობა კვლავ შეძლო.

დეივისის კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა, ნიკოლას კარდის ხელმძღვანელობით, გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზით დაავადებულ 45 წლის პაციენტს ტვინში 256 ელექტროდი ჩანერგა, რომლებიც ტვინის სიგნალებს ტექსტად და მეტყველებად გარდაქმნიან.

პაციენტი „ტვინი-კომპიუტერის“ ინტერფეისის (BCI) გამოყენებაში 280 დღის განმავლობაში ვარჯიშობდა, რის შემდეგაც სისტემის სახლში გამოყენება დაიწყო და ოჯახთან, მეგობრებთან და ექიმებთან დამოუკიდებლად ამყარებდა კომუნიკაციას. მას ასევე შეეძლო კურსორის მართვა, რაც, მაგალითად, ინტერნეტში შესვლის საშუალებას აძლევდა. მოწყობილობის მიერთება და პროგრამული უზრუნველყოფის ჩართვა ყოველდღიურად იყო საჭირო.

აღინიშნება, რომ პაციენტი მოწყობილობას 19 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, დღეში საშუალოდ 9,5 საათს იყენებდა. მან 183 000-ზე მეტი წინადადება - თითქმის 2 მილიონი სიტყვა წარმოთქვა, წუთში საშუალოდ 56 სიტყვის სიჩქარით. მისივე შეფასებით, ფრაზების 92% სულ მცირე ნაწილობრივ სწორი იყო.

სურჯო სუკადარი ბერლინის კლინიკა „შარიტედან“ ამერიკელი კოლეგების მიღწევას „მნიშვნელოვან ეტაპს“ უწოდებს.

„მაშინ, როდესაც წინა კვლევები ძირითადად ლაბორატორიულ პირობებში აჩვენებდა ასეთი სისტემების შესაძლებლობებს, ეს შემთხვევა ადასტურებს მის გრძელვადიან და დიდწილად დამოუკიდებელ გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში“, - ამბობს ის და აღნიშნავს, რომ უახლოეს წლებში მსგავსი სისტემები შესაძლოა კლინიკურ პრაქტიკაში დაინერგოს მძიმე დამბლის მქონე ადამიანების სამკურნალოდ.