დაადგინეს, რატომ არ ემართებათ ღამურებს კიბო

ღამურა

თავისი პატარა ზომის მიუხედავად, ღამურას ზოგიერთი სახეობა საოცრად დიდხანს ცოცხლობს. შესაძლოა, მათგან რაღაცის სწავლა შევძლოთ იმის შესახებ, თუ როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა ასაკის მატებასთან ერთად კიბოს.

კიბო ის საფასურია, რასაც ხშირად დიდხანს სიცოცხლისთვის ვიხდით. ცხოვრების მანძილზე სტრესფაქტორების გამო დაგროვებული გენეტიკური მუტაციების გამო, თითოეული უჯრედის დაყოფას ეზრდება რისკი იმისა, რომ რაღაც არასწორად წარიმართოს.

თუმცა, როგორც ჩანს, ღამურას მრავალი სახეობა ამ სისტემას ატყუებს. ზოგიერთი მათგანი 40 წლამდე ცოცხლობს — თითქმის 10-ჯერ დიდხანს, რაც მათი სხეულის ზომიდან გამომდინარე უნდა იყოს. ადამიანსაც რომ სიცოცხლის ასეთი ხანგრძლივობა ჰქონდეს, დაახლოებით 180 წლამდე ვიცოცხლებდით.

როჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალ კვლევაში შეისწავლეს, როგორ ახერხებენ ღამურები ასე ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში კიბოსგან თავის არიდებას. როგორც ჩანს, ისინი ძლიერ ფრთხილ ბალანსს ამყარებენ ორ მოპაექრე ძალას შორის.

აღმოჩნდა, რომ ღამურას რამდენიმე სახეობას აქვს კიბოს დამთრგუნველი გენის, p53-ის მრავალი ასლი. ადამიანებს მხოლოდ ერთი ასლი გვაქვს, კიბოსადმი რეზისტენტულ სხვა ცხოველებს, მაგალითად, სპილოებს კი 20-მდე. ამ გენში მომხდარი მუტაციები დაკავშირებულია ადამიანებში კიბოს შემთხვევათა ნახევარზე მეტთან.

თუმცა, არც ისეთი მექანიზმია სასურველი, რომელიც ზედმეტად აგრესიულია უჯრედების ხოცვაში. ღამურები ამას აკომპენსირებენ ზედმეტად აქტიური ფერმენტით, სახელად ტელომერაზა, რაც მათ უჯრედებს გამრავლების გაგრძელების საშუალებას აძლევს.

კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ზედმეტად ბევრი ტელომერაზის აქტივობა ზრდის კიბოს რისკს, მაგრამ მაგრამ p53-ის გაძლიერებული მოქმედება მას ამსუბუქებს. ნამდვილად შესანიშნავი დაბალანსების აქტია, რომელიც ძნელია, რომ არ შეგშურდეს.

ზედმეტად შთამბეჭდავია ღამურას იმუნური სისტემის უკიდურესი ეფექტიანობა, რომელიც როგორც ჩანს, ეფექტიანად კლავს კინოს მოხეტიალე უჯრედებს სულ მცირე ანთებით.

კვლევა ჯერ ადრეულ ეტაპზეა და ძნელია იცოდე, რამდენად იმუშავებს ეს ადამიანებშიც, მაგრამ მკვლევრები ამბობენ, რომ მათი კვლევა ადასტურებს p53-ის როლს კიბოს პრევენციაში, რაც წონას სძენს შემუშავების პროცესში მყოფ იმ მრავალ პრეპარატს, რომელთა სამიზნეც გენებია.

კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.