ჩინელმა მეცნიერებმა კიბორგი ფუტკრები შექმნეს

ფუტკარი

პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევრებმა ფუტკრები კიბორგებად გარდაქმნეს. კიბორგი ფუტკრების მართვა 74 მილიგრამიანი მწერის ტვინის კონტრროლერის საშუალებით არის შესაძლებელი.

როგორც South China Morning Post იუწყება, კონტრროლერი პაწაწინა ტვინში ელექტრონული იმპულსებით გაგზავნილი სიგნალების გამოყენებით ფუტკარს წინ, უკან, მარცხნივ და მარჯვნივ გადაადგილებას აკონტროლებს.

ანგარიშების თანახმად, კიბორგმა ფუტკარმა ბრძანებები ათიდან ცხრაჯერ ზუსტად შეასრულა.

მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ პაწაწინა კიბორგი სამხედროებს საშუალებას მისცემს, შეაღწიონ ძნელად მისადგომ სივრცეში ან გამოიყენონ ის საძიებო-სამაშველო მისიებში სტიქიური უბედურებების დროს გადარჩენილების მოსაძებნად.

"ბიოლოგიურ არსებებზე დაფუძნებული რობოტები მემკვიდრეობით მიიღებენ მობილურობას, შენიღბვის შესაძლებლობებსა და გარემოსთან ადაპტირების საშუალებას", - აღნიშნულია ნაშრომში.

ფუტკრის უპირატესობა

მწერების სამხედრო აგენტებად გადაქცევის იდეა ფართოდაა გავრცელებული. არსებობენ მეცნიერები, რომლებიც ტარაკნებს კიბორგებად სწორედ სადაზვერვო სამუშაოებისთვის გარდაქმნიან.

ჩინელი მეცნიერები ფსონს ფუტკრების გამძლეობაზე დებენ. ეს კიბორგ ფუტკარს დაზვერვისთვის, ანტიტერორისტული ოპერაციებისთვისა და სამაშველო ოპერაციებისთვის იდეალურ კანდიდატად აქცევს.

მეორე მხრივ, მკვლევრებს ჯერ კიდევ ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწევთ. დენის მიწოდება კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ფუტკრებს ფუნქციონირებისთვის კონტრროლერთან მიერთება მაინც სჭირდებათ, რადგან საკმარისად დიდი აკუმულატორი შედარებით 600 მილიგრამს იწონის — ეს კი გაცილებით მეტია, ვიდრე თავად კონტრროლერი.

"მალე მწერების ქცევის კონტროლის სიზუსტე გაუმჯობესდება სტიმულაციის სიგნალებისა და კონტროლის ტექნიკის ოპტიმიზაციით", - ამბობენ მკვლევრები.